ლევან დავითაშვილი მერძევეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რძის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სამინისტრომ შეასრულოს მედიატორის როლი რძის პირველად მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს შორის, რათა არსებული გამოწვევები დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რძის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, რძის პირველადი მწარმოებლები, გადამმუშავებელი სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა