კახა კუჭავა - კონგრესმენების წერილის თარგმანის რამდენიმე ვერსია ვნახე და შეიძლება ითქვას, ზოგჯერ არაზუსტიც იყო

კონგრესმენების წერილის თარგმანის რამდენიმე ვერსია ვნახე და შეიძლება ითქვას, ზოგჯერ არაზუსტიც იყო ხოლმე. ისინი მწუხარებას გამოხატავენ და ეს ჩვენც დაგვიფიქსირეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს აშშ-ში გამართულ ვიზიტზე საუბრისას განუცხადა. ამით კუჭავა გამოეხმაურა კონგრესმენების ადამ კინზინგერისა და გერი კონოლის კრიტიკულ წერილს.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ასევე კრიტიკული განცხადება ინფორმაციის ნაკლებობისგან გამოწვეული, კუჭავამ უპასუხა, რომ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა იმას, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე ძალადობს, დადასტურება და ფაქტები სჭირდება.

„კონგრესმენების წერილის თარგმანის რამდენიმე ვერსია ვნახე და შეიძლება ითქვას, ზოგჯერ არაზუსტიც იყო ხოლმე. ისინი მწუხარებას გამოხატავენ და ეს ჩვენც დაგვიფიქსირეს, თუმცა ერთია, რომ მწუხარებას გამოთქვამს და მეორეა, როდესაც ძალიან გაკრიტიკებს.

დაუშვებელია და ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ ხელისუფლებამ იძალადოს, მაგრამ ამას სჭირდება დადასტურება და ფაქტები," - განაცხადა კუჭავამ.

დღესვე, კახა კუჭავამ პარლამენტის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა. მისივე თქმით, კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზეც.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. ძალიან დატვითული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ წლის შემაჯამებელი ვიზიტი გვქონდა. პირველ რიგში, მათი მხრიდან მოვისმინეთ გზავნილი, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაძლიერებას ეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გაძლიერდეს არა მხოლოდ სამხედრო და თავდაცვითი მიმართულებით, არამედ ეკონომიკური და სხვა მიმართულებებითაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რითაც შეხვედრებზე საუბარს ვიწყებდით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა. მისი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა ფორმატს ვიყენებთ და ამერიკაში ვიზიტი ბრწყინვალე შესაძლებლობა იყო. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ სხვადასხვა ფორმატი და გზა არსებობს იმისათვის, რომ ამ ადამიანის გასათავისუფლებლად პარტნიორების დახმარებით წნეხი გავაძლიეროთ.

ვიზიტის ფარგლებში, ვისაუბრეთ სხვა საკითხებზეც, მათ შორის სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე. მათგან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ოთხი ტალღის ფარგლებში განხორციელებული რეფორმა დიდი წინსვლაა. მწუხარება გამოთქვეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოვახერხეთ. ამის გამო ის ადამიანებიც გამოვთქვამთ წუხილს, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დავუჭირეთ, თუმცა ის, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდა, იმის მიზეზი არ არის, რომ სახელმწფო უწყებებზე ძალადობრივი შეტევა განხორციელდეს. თავისუფალი დემონსტრაციები საკანონმდებლო ჩარჩოს არ უნდა გასცდეს. პარტნიორების მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება დაგმობილი იქნება," - განაცხადა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა