თბილისის საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა და საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.
დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე, სადაც მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, მოსამართლე ლევან გელოვანმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის პოზიცია და პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, 17 ტომი, სრულად დასაშვებად სცნო.
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, მოსამართლემ ის ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაცვის მხარის მოთხოვნით, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, რომლის თანახმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხებიან ქიბარ ხალვაში, კახა ბექაური და ნინო ნიჟარაძე. თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების ის შუამდგომლობები, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვდნენ, რომ ქვეყნიდან გასვლის შესახებ პროკურატურისგან მისაღები ნებართვა ბრალდებულებს გაუქმებოდათ, შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება გირაოსთან დაკავშირებით და შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლა უსაფუძვლოა, რადგან სამივე პირს აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ იაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, პროკურატურას გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიჩქმალვა სურდა, როდესაც საქმეზე არ დაკითხა ნინო ნიჟარაძე და ქიბარ ხალვაში. რაც შეეხება კახა ბექაურს, ადვოკატის თქმით, „არსებითი განხილვისას ვნახავთ, როგორ აიხლართება ბექაური, მის მიერ გაცემულ დასკვნებში, რადგან დასკვნები ცალმხრივად გასცა და ბაზარი არ გამოიკვლია". მისი თქმით, ბექაურის დაკითხვისას საზოგადოება დაინახავს, რომ მარეგულირებელი კომისია ტენდენციურია.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეს დავალება ჰქონდა, რომ სხდომა დღეს უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომლებიც არსებით განხილვაზე გადავიდა, ადვოკატი მიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
„უფრო მეტიც, გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება გაცილებით მაღალი ხარისხით დადასტურება, რომ დანაშაული პირმა ჩაიდინა. სინამდვილეში ეს საქმე არ აკმაყოფილებს არათუ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებას, საქმის არსებითი განხილვის დაწყებას, არამედ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სტანდარტსაც კი. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნებისმიერ პირს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულის ჩადენას", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას დაცვის მხარემ მოსამართლე ლევან გელოვანის აიცილების შუამდგომლობაც დააყენა.
ადვოკატმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე უნდა მოემზადოს, ამიტომ სასამართლოს წინასასამართლოს ხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ კი დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მოსამართლე ცდილობს, დღესვე დაასრულოს სხდომა, რაც მიუთითებს იმას, რომ ის არ არის ობიექტური. აქედან გამომდინარე დაცვამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა და საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.
თავად მოსამართლე ლევან გელოვანმა აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესს ვერ გადადებდა, რადგან სხვა საქმეებიც აქვს განსახილველი. მისივე განმარტებით, მან გასულ სხდომაზე განაცხადა, რომ წინასასამართლო სხდომა 23 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს ერთი კვირა ჰქონდა იმისათვის, რომ დღევანდელ პროცესზე მომზადებული მოსულიყო.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდებას გააჩნია მტკიცებულებები, რომლითაც სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.