მეკარტოფილე-ფერმერებს და აგრარული დარგის სპეციალისტებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, მეკარტოფილე-ფერმერებს და აგრარული დარგის სპეციალისტებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში. საქართველოს აქვს პოტენციალი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, როგორც სათესლე, ისე სამეურნეო დანიშნულების კარტოფილი. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის, პერსპექტიული ჯიშები, დავნერგოთ წარმოების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების კარტოფილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და გავიტანოთ ქართული პროდუქცია ექსპორტზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

უწყების ცნობით, მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაციისა და მეკარტოფილე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, პერუდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილის 30 ჯიშის გამოფენა-დეგუსტაცია და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შესახებ გადაღებული ფილმის „შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის კვლევების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 10-მდე ახალი კარტოფილის კლონი, რომელიც საკარანტინო დაავადების მიმართ გამძლეა.

2017 წლიდან, მეკარტოფილეობის დარგის განვითარების მიზნით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერების საარსებო წყაროს გაუმჯობესება და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნულ მოთამაშეთა შესაძლებლობების გაზრდაა. შემუშავდა კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს მეკარტოფილების დარგის განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო დააკამყოფილებს ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის მოთხოვნას და გახდება კარტოფილის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში.

სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 280-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 34 წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელოები ფერმერებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის