გზა, რა გზასაც დღეს ივანიშვილი ადგას, ქართველი ხალხისთვის არის მიუღებელი. ეს არის მტრობა საქართველოს ინტერესების და აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისთვის არის სერიოზული პრობლემა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
ბოკერიას განცხადებით, „თუ ივანიშვილი ამგვარ ქმედებას გააგრძელებს, ამ ყველაფერს მისთვის და მისი „კლოუნებისთვის“ მძიმე შედეგები მოჰყვება“.
„სადაც პრობლემაზეა საუბარი, ის არის გზავნილი. აბა განცხადებას იმაზე ხომ არ გააკეთებენ, კარგად არის საქმეო? რეალურად, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო გზავნილი, რაც მოსალოდნელი იყო საქართველოს მეგობრებისგან. თუ ივანიშვილი ამგვარ ქმედებას გააგრძელებს, ამ ყველაფერს მისთვის და მისი „კლოუნებისთვის“ მოჰყვება მძიმე შედეგები. არა იმიტომ, რომ ვინმე ჩვენს საქმეებში ერევა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მეგობრები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მის არჩევანს და ვინც ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, მასთან იქმნება პრობლემები და ეს არის ამ გზავნილის შინაარსი“, - განაცხადა ბოკერიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არასწორადაა ნათარგმნი, ბოკერიამ განაცხადა, რომ „ივანიშვილი და მისი გუნდი ყოველ ჯერზე საკუთარ რეკორდებს ხსნის სიბრიყვესა და უტიფრობაში“.
„რა თარგმანზეა საუბარი? „მოვუწოდებთ“ ეწერება თუ „დაჟინებით მოვუწოდებთ“, ამაზეა საუბარი? დიპლომატიურ ენაზეა ნათქვამი, რომ ეს სამარცხვინო და მტრული კურსი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არის უმძიმესი პრობლემა და დროზე უნდა მოვიდნენ აზრზე“, - განაცხადა ბოკერიამ.