გია ხუხაშვილი - საპარლამენტო ცხოვრებაში 2019 წელი ყველაზე სამარცხვინო იყო - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტს ისევ კობახიძე მართავს

საქართველოს უახლესი ისტორიის საპარლამენტო ცხოვრებაში 2019 წელი ყველაზე სამარცხვინო იყო. მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ინტელექტუალური და მორალური სტერილიზაცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა 2019 წელს პარლამენტის საქმიანობის შეჯამებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, 20 ივნისის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლით სისტემურად არაფერი შეცვლილა და საკანონმდებლო ორგანოს ისევ ირაკლი კობახიძე მართავს. მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებულ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე საუბრისას, გია ხუხაშვილი 20 ივნისის მოვლენებსა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირების არშესრულებას შეეხო. კანონპროექტის ჩაგდებას ხუხაშვილი „თეთრი ძაფით ნაკერ“ ისტორიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ამ ისტორიას „აჭმევს“.

„კობახიძის გადადგომით სისტემურად არაფერი შეცვლილა. მეტსაც გეტყვით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტს ისევ კობახიძე მართავს. თუ არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის აქტიურობას შევადარებთ, ისევ კობახიძის ხაზი დომინირებს. შეერთებულ შტატებში, ასეთ უმწავეს ვითარებაში დელეგაციასაც ის ხელმძღვანელობდა და არა თალაკვაძე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არაფერი პრინციპულად არ შეცვლილა და ვითარება კონფრონტაციულია. მონოლოგების და კონფლიქტების არეალია პარლამენტი და მეტი არაფერი.

20 ივნისის შემდეგ ამ პარლამენტს საკანონმდებლო მუშაობის და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის ლეგიტიმაცია არ აქვს. ამ ყველაფერს დაამატეს მთელი ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ისტორიული და სამარცხვინო „გადაგდება“. გაგვითამაშეს თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია, როდესაც დეპუტატები თითქოს ამბოხდნენ. მეტ-ნაკლებად ჭკვიანი ადამიანი იმას მაინც მოახერხებდა, რომ ის პოზა დაეჭირა, თითქოს ამ „ამბოხებულებზე“ ნაწყენია. ნაწყენი კი არა, დააჯილდოვეს, კომიტეტის თავმჯდომარეებად და ვიცე-სპიკერებად დანიშნეს. ამ თეთრი ძაფით ნაკერ ისტორიას აჭმევენ ქართულ საზოგადოებას. ჯერ 20-21 ივნისი მონათლეს სახელმწიფოს გადატრიალებად და პარლამენტისთვის ბოლო ლურსმანი საქართველოს მომავლის ეს ისტორიული „გადაგდება“ იყო. პარტიებს და საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ, მათ „გადააგდეს“ საქართველოს მომავალი. აქ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პერიპეტიებიც ერთ-ერთი კომპონენტია,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოს პარლამენტი არათუ დასავლურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, არამედ პოსტსაბჭოურ საპარლამენტო სტანდარტთანაც ვერ მიდის ახლოს. მისი თქმით, ამ წელს მიღებული ყველა გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და დეგრადაციისკენ მიმართულია.

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის საპარლამენტო ცხოვრებაში 2019 წელი ყველაზე სამარცხვინო იყო. მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ინტელექტუალური და მორალური სტერილიზაცია. კანონზომიერია, რომ თამარ ჩუგოშვილი წამოვიდა და მისი ადგილი დაიკავა, დავუშვათ, ბერაიამ თუ ხუნდაძემ. ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა შინაგანი ძარღვი შერჩენილი, ყველამ დატოვა უმრავლესობა.

ყველა გადაწყვეტილება, რაც წელს ხელისუფლებამ საპარლამენტო ფორმატში მიიღო, იყო ანტისახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური დეგრადაციისკენ მიმართული. პარლამენტმა აჩვენა, რომ ის არც ინტელექტუალურ, არც მორალური და არც პროფესიული თვისებებით არ აკმაყოფილებს არათუ დასავლურ სტანდარტს, არამედ პოსტსაბჭოურ საპარლამენტო სტანდარტთანაც ვერ მიდის ახლოს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს