მთავრობამ „ჰუალინგს“ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის ვადა 2023 წლამდე გადაუვადა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ჰუალინგს“ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის ვადა 2023 წლამდე გადაუვადდა. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში „ჰუალინგს“ ყოველდღიურად 500 ლარის ნაცვლად 1-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ „ჰუალინგი“ ამ პერიოდშიც ვერ შეძლებს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობას, ის 2023 წლის 26 ოქტომბრიდან ყოველდღიურად კვლავ 500 ლარით დაჯარიმდება.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის განკარგულების შესაბამისად, ცვლილება შევიდა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სს „Hualing International“ - მა თბილისში, ჭანტურიას ქ. #12 შენობა-ნაგებობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის პროექტი 2023 წლის 26 ოქტომბრამდე იმ პირობით უნდა დაასრულოს, რომ ცვლილების ამოქმედებიდან პროექტის დასრულებამდე პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ნაცვლად 1 ლარამდე შემცირდება,“ - აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, „ჰუალინგმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება 2019 წლის 26 ნოემბერს შეძლო, შეთანხმებული მშენებლობის ნებართვის ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2023 წლის 26 ოქტომბერი.

„თუკი პროექტი 2023 წლის 26 ოქტომბრამდეც არ იქნება დასრულებული, შემცირებული პირგასამტეხლოს პირობა გაუქმდება და კვლავ 500 ლარი გახდება. ამავე დროს, ცვლილება არ შეეხება მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის # 2545 განკარგულების ამოქმედებამდე წარმოქმნილ პირგასამტეხლოს. კომპანიას, გონივრულ ვადაში, მოუწევს იმ პირგასამტეხლოს გადახდაც, რომელიც მას 2015 წლის 21 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოექმნა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და ამიტომ 21 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდებოდა.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში