„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - თბილისში, 11 წლის ბავშვი სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და ოთახში ჩაკეტა

თბილისში, 11 წლის ბავშვი სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და ოთახში ჩაკეტა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს.

ორგანიზაციის შეფასებით, არასრულწლოვანი იძულების მსხვერპლი გახდა.

„19 დეკემბერს, 11 წლის ნ.ა. სკეიტბორდით წაიქცა და დაეჯახა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრის კარის მინას, რომელიც გაიბზარა. როგორც თავად ნ.ა. ამბობს, იგი იძულებული გახდა, არიდებოდა ფეხით მომავალ ქალს, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და მინას შეეჯახა. ბავშვი შეაჩერეს დაცვის თანამშრომლებმა, რის გამოც ნ.ა.-მ დაიწყო ტირილი, თუმცა იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ აიყვანეს შენობის მე-2 სართულზე მდებარე დაცვის უფროსის ოთახში. ბავშვის თხოვნის მიუხედავად, მას არ დაალევნის წყალი, მარტო დატოვეს უფანჯრო ოთახში, რა დროსაც ბავშვს ეგონა, რომ იყო დაკავებული. არასრულწლოვანი დაცვის ოთახში გააჩერეს მშობლების მოსვლამდე. დაცვის თანამშრომლებმა მშობლებს მოსთხოვეს ზიანის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ. ბავშვის მამა იძულებული გახდა ხელწერილი დაეწერა ზიანის ანაზღაურებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბავშვის გათავისუფლებაც.

მომხდარი ფაქტის შესახებ დაზარალებული ბავშვის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ,,ფეისბუქში'' სტატუსი გამოაქვეყნა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ „ფეისბუქპოსტზე“ სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, რომ საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს იძულებას, ანუ „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“. არასრულწლოვნის მიმართ აღნიშნული ქმდების განხორციელება 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რადგანაც ბავშვი სტრესის ქვეშ იყო, „42-ე მუხლმა“ საქმეში ჩართო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), რომელიც მუშაობს ბავშვის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იმოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვანის უფლებებს გამოძიებასა და სასამართლოში „42-ე მუხლის“ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დაიცავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს