ანა დოლიძე - არაერთხელ ითქვა პარტნიორი სახელმწიფოების და ორგანიზაციების მიერ, რომ საქართველოს სასამართლოში დანიშვნები არ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ძირეული რეფორმა არ იქნება

არაერთხელ ითქვა პარტნიორი სახელმწიფოების და ორგანიზაციების მიერ, რომ საქართველოს სასამართლოში დანიშვნები არ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ძირეული რეფორმა არ იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატის შერჩევის პროცედურას გამოეხმაურა.

ანა დოლიძის თქმით, მაშინ, როდესაც ინგლისურენოვანი პრესა აჭრელებულია განცხადებებით, რომ ვიდრე ძირეული რეფორმა არ მოხდება, საქართველოში მოსამართლეების დანიშვნა არ უნდა გაგრძელდეს, ეს არის ევროკავშირის და ევროსაბჭოს პოზიცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს დანიშვნებს.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს პირდაპირ აზიანებს მათ ინტერესებს.

„თუ დღეს საქართველოში არის დაუსაქმებლობა, უმუშევრობა, ხელისუფლებასთან ერთად ეს არის ამ ხალხის პირდაპირი პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი ევროპელი და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე ამ განცხადებების მერე, სადაც წერია, რომ საქართველოს სასამართლოში პრობლემები იქმნება, მშვიდად არ გააკეთებს ინვესტირებას საქართველოში. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციები სერიოზულად იკლებს და პირდაპირი პასუხი ამ კითხვაზე არის სასამართლოს მდგომარეობა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ითქვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და ორგანიზაციების მიერ, რომ სასამართლოში დანიშვნები არ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ძირეული რეფორმა არ იქნება, იუსტიციის საბჭო პირდაპირ აზიანებს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებეს, პირდაპირ იწვევს თქვენს დაუსაქმებლობას და სიღარიბეს.

უსამართლო ქვეყანაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უკვე დადასტურებული, ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვინმე ჩადებს ფულს იმისათვის, რომ ქარხნები შეიქმნას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ექვს ვაკანტურ ადგილზე პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა