„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - თბილისის მერია თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების დაცვის ვალდებულებას არ აღიარებს

თბილისის მერია თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების დაცვის ვალდებულებას არ აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მერიამ სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის ძალითაც მას დაევალა გამაფრთხილებელი ბანერებისა და ბარიერების დამონტაჟება თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც ბოლო წლებში რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო.

„ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები არც ინფორმირებული არიან და არც გადაულახავი ბარიერი ეღობებათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ერთი წლით ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, თბილისის მერია უარს აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მიაჩნია, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განმარტავენ, რომ თბილისის მერიის სააპელაციო სარჩელის საპასუხოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სააპელაციო შესაგებელი მოამზადა. დაზარალებული მხარე სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თვითონაც ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესი 2020 წლის 30 იანვარს არის ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს