ლევან ხაბეიშვილი - ვიდრე კახა კალაძე დღეს მედროვეებს და კრიმინალებს ჩააბარებს ანგარიშს, მინდა ვუთხრა, რომ მომავალ წელს პროკურატურაში მოუწევს ანგარიშის ჩაბარება

საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა, ლილე ლიპარტელიანმა და ირაკლი ნადირაძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომელიც ორ საკითხს - ნაძვის ხეს და სკამებს ეხება.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერი მომავალ წელს საკრებულოში ყოფნის ნაცვლად, პროკურატურაში იქნება. მისივე თქმით, ოპოზიცია მოითხოვს, განცხადებაში ნახსენებ საკითხებზე გამოძიება დაიწყოს.

„ვიდრე კახა კალაძე დადასტურებულ კრიმინალებს, ვგულისხმობ, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი დაკავებულია, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ქალზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი, კუხიანიძე სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი, რაც შეეხება გიორგი დოხტურიშვილს, ვიცით, რომ ეს კაცი რამდენიმე პარტია გამონაცვალია, მათ შორის იყო წინა ხელისუფლების პარტიის წევრიც, - ანუ, მედროვეებს და კრიმინალებს ჩააბარებს დღეს ანგარიშს, მე მას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ბოლო ანგარიში, რომელსაც ის მის ნოტარიუსს ჩააბარებს. მომავალ წელს ამ დროს კალაძეს პროკურატურაში მოუწევს ანგარიშის ჩაბარება.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ განცხადებას, რომელიც დღეს შეგვაქვს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მილიონი ლარია გადახდილი ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება ალბათ, არ აღემატება 100 000 ლარს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს, რამდენად ადეკვატური იყო ის საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. ასევე, მეორე განცხადება, რომელსაც დღეს დავარეგისტრირებთ პროკურატურაში, ეხება სკამებს, რომ ერთ ცალ სკამში კალაძე გადაიხდის 12 000 ლარს და ეს ტენდერი მთლიანად უკვე მორგებულია იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან და ის არის ექსკლუზივი ამ სკამების წარმოების. შესაბამისად, პროკურატურას სხვა დანარჩენ საქმეებთან ასევე მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება, რომელთა გამოძიებასაც ითხოვს ოპოზიცია", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა