ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია  წიაღის სექტორში მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად მაღალტექნოლოგიური საწარმოები

მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დაათვალიერა წიაღის გადამუშავების პროცესი, რომელიც ევროპული, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი არის სამშენებლო ინდუსტრია, სახელმწიფო ბევრ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებაში, საშენ მასალებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ, გამარტივებული პროცედურებითა თუ სხვადასხვა ბერკეტით ყოველთვის გვერდში დავუდგებით ისეთ საწარმოებს, რომელიც დღეს გავხსენით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შპს „კავკას ცემენტ ჯორჯია“ ფლობს ევროპული სტანდარტის დანადგარებს, რომლის საშუალებითაც რესურსის გადამუშავება ხდება ადგილზე. საწარმოში დასაქმებულია 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. საწარმოში 3 500 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2018 წელს, 20 წლის ვადით გაიცა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ მეწარმეებს შეხვდება, სადაც წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა