ქეთევან ციხელაშვილი, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან ერთად, გუგუტიანთკარსა და წეროვანის  დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოში ვიზიტად მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან კარდინალ პიეტრო პაროლინისთან ერთად, გამყოფი ხაზისპირა სოფელ გუგუტიანთკარსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, გუგუტიანთკარში სახელმწიფო მინისტრი და კარდინალი იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ უკანონო ბარიერები აღიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ადგილზე არსებული ვითარება და გამყოფი ხაზისპირა სოფლის საჭიროებები გააცნო. დეტალურად ისაუბრა მავთულხლართების პირისპირ ცხოვრებით გამოწვეულ სირთულეებზე და ადამიანებზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რომლებიც ამ უკანონო გადაწყვეტილებით ყოველდღიურად ზარალდებიან.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 4 სექტემბრიდან უკანონოდაა ჩაკეტილი და რამაც რეგიონში სრული ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა. სწორედ ამ თემაზე გაგრძელდა საუბარი მოგვიანებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სადაც ქეთევან ციხელაშვილი, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან პიეტრო პაროლინისთან ერთად, ოკუპირებული ახალგორიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით გამოწვეულ სირთულეებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინეს. ისაუბრეს ოჯახებზე, რომლებიც აღნიშნული შეზღუდვის გამო უკვე მეოთხე თვეა გაყოფილია და ახალგორის მოსახლეობაზე, რომლებიც ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს. ხაზი გაესვა მიმოსვლის დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.

„წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოს მიმართ რომის პაპის მხარდაჭერისა. ჩვენ ვიმყოფებოდით გუგუტიანთკარში, სოფელში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი ასამდე სხვა სოფლის მსგავსად და ასევე წეროვანში, სადაც ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს - იმ ოჯახების ნაწილი, რომლებიც დღეს სრულ იზოლაციაში, ახალგორში, უკვე ოთხი თვის განმავლობაში იმყოფება. მისი აქ ვიზიტით, წმინდა საყდარმა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოხატა მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რაც არაერთხელ მოგვისმენია, მათ შორის, სწორედ სახელმწიფო მდივნისგან, ორი წლის წინ, წმინდა საყდარში ჩემი ვიზიტისას. ისინი არიან და იყვნენ ჩართულნი 2008 წლის შემდგომ დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაში“,-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მთავარი გზავნილი, რომელიც მოსახლეობას, დევნილებს მთელი მსოფლიოს, რომის პაპისა და მისი წარმომადგენლის მიმართ აქვთ, არის ის, რომ გვინდა მშვიდობა.

„დღეს მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მოსახლეობას, დევნილებს მთელი მსოფლიოს, რომის პაპისა და მისი წარმომადგენლის მიმართ აქვთ, არის ის, რომ გვინდა მშვიდობა, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, ჰუმანიტარული გამოსავლები და იმ ადამიანური ტანჯვის დასრულება, რომელიც ამ ხალხისათვის, ფაქტობრივად, ყოველდღიური სიმძიმეა. კონკრეტულად კი, რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მავთულხლართებით სამეურნეო მიწების ჩამოჭრას, მეზობლებისა და ნათესავების ერთმანეთისაგან გაყოფას, ახალგორის გადასასვლელის დაკეტვას და მისი გახსნის აუცილებლობას. ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს უფრო კონკრეტულად ვისაუბრეთ. ასევე, უკანონონო დაკავებებზე, თავისუფლების აღკვეთის ფაქტებზე, რომლებიც ჩვენს არაერთ მოქალაქეს ეხება და შეეხო წარსულში“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგორელების თხოვნა და სურვილი, დღეისათვის, არის ის, ერთადერთი რამ, რომ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ სამედიცინო დახმარებისათვის, პროდუქტებისათვის, ოჯახებთან კონტაქტისათვის და სხვა საჭიროებებისათვის.

„დარწმუნებული ვარ და პაპის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი ამ საქმეში - დაეხმარონ საქართველოს, მის მოსახლეობას, რათა ასეთი აბსოლუტურად ჰუმანიტარული და ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოსავლები იქნას მოძებნილი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა