ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - კალანდიების ოჯახის არც ერთ წევრს არ ვიცნობ და არასოდეს მათი ადვოკატი არ ვყოფილვარ

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი მიხეილ კალანდიას ბიძის, დიმიტრი კაკუბავას განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ ამირან გიგუაშვილმა, როგორც მათმა ყოფილმა ადვოკატმა დაარღვია ეთიკის კოდექსი, როდესაც „რუსთავი 2“-ს სიუჟეტში, ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სისასტიკე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისასტიკეს შეადარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამირან გიგუაშვილმა აცნობა.

„გავრცელდა კალანდიების ბიძის, დიმიტრი კაკუბავას განცხადება, რომ თითქოს მე ვიყავი მათი ოჯახის ადვოკატი და როდესაც ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სისასტიკე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის სისასტიკეს შევადარე, ამით დავარღვიე ეთიკის კოდექსი და მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასევე თითქოს მე დავუნიშნე ადვოკატად ანა კოტეტიშვილი.

ხაზგასმით ვამბობ, არასოდეს არ ვყოფილვარ არც მიხეილ კალანდიას და არც მისი რომელიმე ოჯახის წევრის ინტერესების დამცველი. მეტიც საერთოდ არ ვიცნობ მათ და არასოდეს შევხვედრილვარ. ერთადერთხელ, დაახლოებით ორი წლის წინ დამიკავშირდა პიროვნება, რომელიც გამეცნო, როგორც მიხეილ კალანდიას ოჯახის ახლობელი და ბიძის მირზა სუბელიანის მეგობარი და მთხოვა საქმეში ჩართვა, რაზეც მაშინვე ვუთხარი უარი, ვინაიდან ჩემი შვილი სწავლობდა 51-ე სკოლაში, იცნობდა დათუნა სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს და ცხადია მორალური უფლება არ მქონდა მონაწილეობა მიმეღო ამ საქმეში. ამის მეტი არანაირი შემხებლობა მე ამ საკითხთან არ მქონია“, - განაცხადა განცხადებაში.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, როდესაც ადვოკატებს უკავშირდებიან სხვადასხვა საქმეებზე მომსახურების თხოვნით, რომლებსაც ზოგჯერ თანხმდებიან და ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზებით უარს ამბობენ.

„რაც შეეხება ანა კოტეტიშვილს, ის არის დამოუკიდებელი ადვოკატი, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ადვოკატები იმ საქმეებზე, რომლებსაც არ ვიღებთ, პირის თხოვნის შემთხვევაში რეკომენდაციას ვუწევთ ერთმანეთს. ამ შემთხვევაშიც, როგორც მახსოვს აღნიშნულმა პიროვნებამ, მთხოვა, რადგან მე უარს ვამბობდი, ვინმეს ხომ არ გავუწევდი რეკომენდაციას და მივეცი ანა კოტეტიშვილის საკონტაქტო ნომერი, რადგან მას გავლილი აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალური კურსები, რომელიც ყველა ადვოკატს არ აქვს გავლილი. ასეთი რეკომენდაციები ბევრჯერ გამიწევია როგორც ანა კოტეტიშვილისთვის, ისე სხვა ადვოკატებისთვის, რომელთა პროფესიონალიზმში და კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული ვარ. ისევე როგორც ჩემთვის გაუწევიათ რეკომენდაციები სხვა ადვოკატებს თუ პიროვნებებს. სხვა რაიმე შემხებლობა ამ საკითხთან არ მქონია”, - ამბობს ამირან გიგუაშვილი.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მას არც მიხეილ კალანდიას და არც სხვა რომელიმე ბრალდებულის სახელი არ უხსენებია და მხოლოდ აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა იყო განსაკუთრებული სისასტიკე, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

„სამწუხაროა, რომ ამგვარ სპეკულაციურ განცხადებებზე მიწევს კომენტარების გაკეთება, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ამ ტრაგედიაში მონაწილე ყველა პირს ვუთანაგრძნობ და საზოგადოებასთან ერთად ვისურვებდი სიმართლის დადგენას”, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდიას ბიძამ დიმიტრი კაკუბავამ სააგენტო „ინტერესპრესნიუსის“ მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ მათმა ყოფილმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა დაარღვია ადვოკატთა ეთიკის კოდექსი და მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტი, სისასტიკით ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შეადარა. დიმიტრი კაკუბავას მტკიცებით, ამირან გიგუაშვილმა მათ ოჯახს ადვოკატად ანა კოტეტიშვილი დაუნიშნა, ხოლო ამ უკანასკნელმა კი მიხეილ კალანდიას ინტერესების საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომები დახურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა