საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ „ადიგენი-გოდერძის“ ახალი გაზსადენი ააშენა

სამთო-სათხილამურო საკურორტო ზონა გოდერძიზე წელს პირველად აინთო ბუნებრივი გაზი ახლად აშენებული, 33 კილომეტრიანი „ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გაზის ანთების საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი, არჩილ დეკანოსიძე დაესწრო.

„300 მმ-იანი დიამეტრის ახალი გაზსადენი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 11.5 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით დათქმულ, უმოკლეს ვადაში- 8 თვის განმავლობაში აშენდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, 2018 წელს საქართველოს მთავრობის დავალებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის და სამთო-სათხილამურო კურორტი-გოდერძის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის, გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. „ადიგენი-გოდერძის“ გაზსადენის მშენებლობისთვის აქტიური სამუშაოების დაწყება კურორტზე არსებული რთული კლიმატური პირობების გამო, 2019 წლის მაისიდან გახდა შესაძლებელი და ექსპლუატაციაში უმოკლეს ვადებში შევიდა.

გაზსადენის მშენებლობა კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯი-პი-სიმ“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის უშუალო ზედამხედველობით განახორციელა.

მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, მიეცემა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო ავარიის შემთხვევაში გამოყენებული იქნება აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ.

გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 120 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს