მიხეილ ჩხენკელი -  ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” (საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია) პრეზენტაციას დაესწრო და საზოგადოებას ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის

მათივე ცნობით, ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი („Flash-drive”), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

„მსურს მთელ საზოგადოებას მოვულოცო დღევანდელი დღე. ჭეშმარიტად ისტორიული დღეა, რადგანაც უნიკალური სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაცია გვაქვს. ეს წიგნი, თავის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშნელობასთან ერთად, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ქართული კულტურა ჩვენი მთავარი განძია. სწორედ იგი გვიმაგრებს ზურგს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებად. როგორც ჩვენი კულტურის ისტორია ცხადყოფს და ეს კარგად არის ნაჩვენები ამ სამტომეულში, ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამტომეული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებს ბინას, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების ბიბლიოთეკებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები საქართველოს თავისი უმდიდრესი კულტურით ხელახლა აღმოაჩენენ”, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, წიგნის გამოცემის იდეა 2010 წელს გაჩნდა და იგი ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ასევე, გამომცემელს ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის. რამდენიმე წლის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით გამოცემაზე ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდმა ჯგუფმა იმუშავა, რაც გულისხმობდა საძიებო (ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალა) სამუშაოების შესრულებას, ორიგინალური მასალებისა და ნაშრომების შექმნას, მათ რედაქტირებასა და თარგმნას ინგლისურ ენაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა