დავით ზალკალიანი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ეს საიუბილეო წელია საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების კუთხით და არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.“

„მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის სტუმრობა. სასიხარულოა, რომ სწორედ 2019 წელს გვაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ, ვინაიდან ეს საიუბილეო წელია საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების კუთხით და არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ისტორიული ურთიერთობები, ბოლო ათწლეულებში, კიდევ უფრო განვითარდა, განსაკუთრებით, კულტურული და პოლიტიკური მიმართულებით, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რომის პაპების - იოანე პავლე მეორისა და ფრანცისკეს ვიზიტებმა.

თავის მხრივ, კარდინალმა პაროლინმა მადლიერება გამოხატა საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფალთა მიმართ გულთბილი მასპინძლობისთვის.

„რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. მსურს გადმოგცეთ პაპი ფრანცისკეს სალამი, რომელმაც საქართველოში ვიზიტისას განაცხადა - „თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, - განაცხადა კარდინალმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური მისია გახსნა თბილისში. კარდინალ პაროლინის სიტყვებით, როგორც მაშინ, დღესაც, წმინდა საყდარი, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზეც, სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს საქართველო, რომელსაც ახსოვს თავისი წარსული და ყურადღებით აკვირდება დროთა ნიშნებს, იმედის თვალით უმზერს მომავალს და ესწრაფვის მშვიდობას, როგორც თავისთვის, ისე მთლიანად, რეგიონისთვის, სადაც, სამწუხაროდ, დღესაც შეინიშნება დაძაბულობა და აგრესია. იმედი მაქვს, რომ ყველა მტკიცედ მოიძიებს დიალოგისა და თანხმობის გზებს, ყველას და თითოეულის ღირსების პატივისცემისა და სამართლიანობის ძიების დაუოკებელი სურვილით“, - განაცხადა კარდინალმა პაროლინმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, კარდინალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საოკუპაციო ხაზს ეწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა