რომან გოცირიძე - ამ წელს არაფერი ნათელი არ მომხდარა, იყო ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება, ოპოზიციის დევნა, გაჩნდნენ პოლიტპატიმრები

ამ წელს არაფერი ნათელი არ მომხდარა, იყო ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება,ოპოზიციის დევნა, პოლიტპატიმრების გაჩენა, რაც იმის წინაპირობაა, რომ ეს ხელისუფლება წარუმატებლად ამთავრებს თავის რვაწლიან მუშაობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ 2019 წლის შეფასებისას განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „მიმდინარე წელი იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური წელი ქვეყნისთვის“.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელიწადი, ვინაიდან აშკარად შეინიშნება ქვეყნის რუსეთისაკენ გადახრა, რომელსაც მრავალი ფაქტი მოწმობს. 7-წლიანი ისტორია ანაკლიის პროექტის ფაქტობრივად ამ წლის ბოლოს ჩაიშალა და ის არ განხორციელდება, სანამ იქნება ეს ხელისუფლება. ასევე, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად არის საქართველოს ხელისფულება დაკავშირებული რუსეთთან. ამ წელმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია არა ქვეყანაზე ზრუნვა, არამედ საარჩევნო ინტერესების დაკმაყოფილება და ძალაუფლების შენარჩუნება და ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში რუსული ფაქტორის გამოყენება. ერთ-ერთი სამარცხვინო წელიწადი იყო ჩვენი პარლამენტის ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების დევნა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და განსაკუთრებით ის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელიც ჩაიდინა ივანიშვილმა და მოატყუა ყველა, ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც და პროპორციული არჩევნებზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა. ამ პარლამენტის მორჩილებისა და უუნარობის სიმბოლო გახდა ვიზუალური მხარე, როდესაც დეპუტატები პარლამენტში შედიოდნენ შეპარვით, კვერცხების დაშენითა და სტვენის თანხლებით“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე და ამ პროცესს პარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქა უწოდა.

„პარლამენტში განვითარდა ძირითადი მოვლენები და პარლამენტი გახდა მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური კრიზისის სახე. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო სწორედ კლანური სასამართლო სისტემის გაძლიერება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად „კლანის“ წევრების და ივანიშვილის მიერ შერჩეული ადამიანების დასმა, რითაც ფაქტობრივად მოხდა სრულიად დამორჩილება არაფორმალური მმართველის. არაფერი პოზიტიურად გასახსენებელი ამ წელს არ მომხდარა. 2020 წელს კი, არაფორმალური მმართველობის ბოლო წელი იწყება. პარლამენტის ბლოკირება, პიკეტირება, მწვავე პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ იქნება მიღებული ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც უზრუნველყოფს აზრის თავისუფლად გამოხატვას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა