მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით მდუმარე აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით მდუმარე აქციას მართავენ.

ისინი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დღევანდელი მანიფესტაციის საშუალებით სურთ, ხმა მიაწვდინონ „საზღვრის“ ორივე მხარეს მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოქალაქეებს და შეახსენონ აქტიური საზოგადოებრივი პროცესების საშუალებით დარეგულირებული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ.

„2008 წლის ომის შემდგომ ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. ბევრი ოჯახი ე.წ. დეფაქტო საზღვრის გამო აღმოჩნდა სხვადასხვა მხარეს. თუმცა, 2019 წლამდე ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალება ჰქონდა, სპეციალური დოკუმენტებით გადაეკვეთა ე.წ. საზღვრები და მოენახულებინა ოკუპირებულ მხარეს დარჩენილი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მიცვალებულთა საფლავები და საკუთარი კერძო საკუთრება. უკვე ოთხი თვეა ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა და ოჯახების იძულებით განცალკევება გამოიწვია: შვილებს არ აქვთ მშობლების ნახვის შესაძლებლობა, ახალგაზრდებს ეზღუდებათ განათლების მიღების უფლება, მოხუცები, რომელთა შემოსავლის წყაროს მხოლოდ ქართული სახელმწიფო პენსია წარმოადგენდა, მის მიღებასაც ვეღარ ახერხებენ და უკიდურესად რთულ პირობებში უწევთ არსებობა, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ყველაფერს ადასტურებს 4 თვის მანძილზე ჩაკეტილი „საზღვრის“ პირობებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო არაერთი ადამიანის გარდაცვალება", - აღნიშნავენ ისინი.

მათი თქმით, საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ახალი შესაძლებლობების გაჩენა.

„ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა და შანსი, რომ წამოიწყონ ახალი პროცესები და გადადგან პირველი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას. გვჯერა, რომ „საზღვრის“ ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ამ შეხედულებებს და იმსახურებენ შანსს, რომ წარსული გამოცდილების მიუხედავად, ჰქონდეთ უფლება გადადგან ნაბიჯები ორივე მხარისთვის სასურველი სამომავლო კეთილდღეობისა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად", - აღნიშნავენ ახალგაზრდები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს