შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ,,საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია“ დამტკიცდა. დოკუმენტში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმები და ღონისძიებებია გაწერილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სტრატეგია ასახავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს შრომისა და დასაქმების, შრომითი მიგრაციის, განათლების, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის და სამეწარმეო-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, როგორც დოკუმენტშია გაწერილი, დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მოხდება სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სტიმულირება, სამსახურის მაძიებელი პირის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება, მიზნობრივი, სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა.

მათივე ცნობით, შემცირდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა, ასევე შემცირდება არალეგალური შრომითი მიგრაციის მასშტაბები, განხორციელდება კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები.

„შესაბამისი ინსტიტუციური განვითარების გზით, დაცული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებები და გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველყოფა მოხდება, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადამიანური კაპიტალისა და პროდუქტიულობის განვითარებას, ასევე მუდმივი განათლების ხელშეწყობას, რაც სამუშაო ძალას დაეხმარება, დააკმაყოფილოს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები და დარჩეს კონკურენტუნარიანი.

სტრატეგიის განხორციელების მიზნით იქმნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

ახალი მოდელის მიხედვით, ინდივიდუალურის გარდა, განხორციელდება ჯგუფური კარიერული კონსულტაცია. გაძლიერდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინერგება პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა. განახლდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. მოხდება შრომის კანონმდებლობის სრულყოფა ევროკავშირის და ILO-ის სტანდარტებთან.

შრომის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია.

ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის და საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების მიზნით საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმდება შეთანხმებები და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს