დავით ბაქრაძე - 2019 წელი იყო გაშვებული შესაძლებლობების წელი

2019 წელი იყო გაშვებული შესაძლებლობების წელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ 2019 წლის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა 2020 წელს ხვდება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში.

„2019 წელს ნამდვილად ჰქონდა იმის შანსი, რომ გამხდარიყო საფუძველი ქვეყანაში მომავალი წლების სტაბილურობისთვის, მაგრამ მოხდა პირიქით და 2019 წელს ჩვენ შევედით პოლიტიკურ კრიზისში, რომელმაც გავლენა მოახდინა არამხოლოდ წლევანდელ წელზე, არამედ გავლენას მოახდენს მომავალ წლებზეც. მხედველობაში მაქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და „ოცნებას“ რომ შეესრულებინა პირობა ვიტყოდი, რომ 2019 იყო წარმატებული პოლიტიკური წელი და ამ წელმა შექმნა საფუძველი 2020-ში სამართლიანი არჩევნების და შემდეგი სტაბილურობისთვის. გამოვიდა პირიქით, ივანიშვილმა და „ოცნებამ“ მოატყუა ხალხი, არ შეასრულა პირობა, ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ კრიზისში და ამიტომ, 2020 წელს ვხვდებით ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ვხვდებით იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადავიდა, იმ ვითარებაში, როდესაც უმრავლესობის ფრაგმენტაცია დაიწყო და უმრავლესობის ცნობადმა სახეებმა დატოვეს პარტია, ვხვდებით იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით მიმდინარეობს კომუნიკაცია ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. ეს არის პოლიტიკური კრიზისი , ამ კრიზისის მიზეზი გახლავთ ხელისუფლების ტყუილი პროპორციულ სისტემაზე“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, 2019 წელს „სამართლის უზენაესობის კუთხით იყო მკაფიო უკუსვლა“.

„მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, რომელმაც გამოიწვია ერთსულოვანი კრიტიკა უცხოელ პარტნიორებშიც და ქვეყნის შიგნითაც, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დევნა, მათ შორის 10 და 11 წლის წინანდელი საქმეების ამოღება და ამაზე გამოძიების დაწყება იმ ფონზე, როდესაც მეორე მხრივ, არ ხდება გამოძიება ხელისუფლების ე.წ სასარგებლო ან ხელისუფლების წამომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების. მხედველობაში მაქვს ძალადობრივი დანაშაულები, რომელსაც პირდაპირ ჩადიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მხედველობაში მაქვს კორუფციული დანაშაულები, მაგალითად ფარცხალაძის ტიპის საქმეები, იგივე 700 მილიონიანი დღგ-ს საქმე, რომელიც უპრეცედენტო კორუფციული საქმე იყო. ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბდა საბოლოოდ ტენდენცია, რომ ხელისუფლება შერჩევითად იყენებს სამართალს და მართლმსაჯულებას. თუ ხარ ხელისუფლების კრიტიკოსი ნებისმიერ საბაბით შეიძლება შენს დაკავებას ეცადონ, თუ ხარ ხელისუფლების ნაწილი ყველაფერზე გექნება მწვანე შუქი და ხელის დაფარება - ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო