მარიამ ჯაში - გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის “ჩინეთის ექსპერტი 2019"დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მარიამ ჯაშმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე და „დიდი აბრეშუმის გზის" აღორძინების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის ესა თუ ის დეპუტატი, თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას. ჩვენ მივესალმებით და გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარების პოტენციალი არის ბევრად უფრო მეტი და თითეული ჩვენი ფრაქციის წევრი მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში. რაც შეეხება უშუალოდ პლატფორმას, ვფიქრობ, რომ „სიმნომედია“, წლებია უაღრესად დიდ საქმეს ეწევა საქართველო-კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაში. გილოცავთ თითეულ კონკურსანტს, განსაკუთრებით გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი, რომ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანასთან თანამშრომლობაში უკვე გაქვთ შეტანილი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ჩინეთმცოდნეობის პროფესორს, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს მარინე ჯიბლაძეს, რომელიც წლებია ხიდის მშენებლობას საქართველო-ჩინეთს შორის კულტურული ურთიერთობისა და განათლების კუთხით ხელს უწყობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეს საჩუქრად გადაეცა საგზური ჩინეთში, სიანში. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს. ონლაინ ტესტი შედგებოდა 70 კითხვისგან, ოთხი სავარაუდო პასუხით. კონკურსი ქართულ ენაზე ტარდებოდა, შესაბამისად მონაწილეობის წინაპირობა ჩინური ენის ცოდნა არ იყო.

კონკურსისთვის სპეციალურად დაიწერა ინფორმაციული სტატიები ჩინეთის შესახებ, რომელიც განთავსებული იყო სინომედიის ვებ-გვერდზე: www.sinomedia.ge. რუბრიკის "ჩინეთის ექსპერტი 2019” სტატიების ავტორები არიან ახალგაზრდა სინოლოგები: ირაკლი ქორქია, თეონა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, ოთარ ჭიღლაძე, თამარ ქვლივიძე და ნინო მარღანია. სტატიები დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: ეკონომიკა, ისტორია, კულტურა, საზოგადოება, ტექნოლოგიები, მოგზაურობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, თუმცა ტესტში ამ სტატიებიდან კითხვების 80% იყო გამოყენებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს