„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ნოემბერში საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდა ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდამ განაპირობა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ ნოემბერში საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდა ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდამ განაპირობა. ამის შესახებ გოგიტა თოდრაძემ ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

გოგიტა თოდრაძემ ცალკეულ სექტორებში ზრდისა და მატების ტემპების მიზეზები განმარტა.

„დამამუშავებელი მრეწველობის დარგში ზრდა განპირობებული იყო კვების პროდუქტების, ასევე სასმელების მოცულობის ზრდით. აღსანიშნავია ქიმიური მრეწველობის განვითარება ფარმაცევტული პროდუქტებისა და აზოტოვანი სასუქების წარმოების მიმართულებით. სამშენებლო სექტორის ზრდის პარალელურად, ზრდა შეინიშნებოდა სამშენებლო მასალების ზრდის მიმართულებით. ვაჭრობაში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კვების პროდუქტებით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. გაზრდილია სამშენებლო მასალებით, ბუნებრივი აირითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის მოცულობა. მაგალითად, 10%-ითაა გაზრდილი ბუნებრივი აირის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის მიზეზს, ეს დაკავშირებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდასთან.

კლება დაფიქსირდა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან და იჯარით გაცემით დაკავებული კომპანიების ბრუნვის შემცირებასთან არის დაკავშირებული. ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში კლება, აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებამ განაპირობა“,- აღნიშნა თოდრაძემ.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 11 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი კი 5.3%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა