მოსამართლემ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. პროცესზე ბრალდების მხარე გიორგი რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განმარტებით, გიორგი რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს და რეალურია. ამასთან, რისკი იმისა, რომ მან გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ან გამოძიებას ხელი შეუშალოს, არსებობს. ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ადვოკატები. როგორც დაცვის მხარე აცხადებდა, გიორგი რურუას დაკავებისას მიმალვა არ უცდია, არც მოწმეებზე ზემოქმედება მოუხდენია, შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. უფლებადამცველების შუამდგომლობის მიხედვით, გიორგი რურუა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა.

რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა