ლადო პაპავა - თუ ინფლაციის მიზნობრივი წლიური მაჩვენებელი 3%-ია და ფაქტობრივი მაჩვენებელი 7%, ეს ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა საქმეს თავი ვერ გაართვა

თუ ინფლაციის მიზნობრივი წლიური მაჩვენებელი 3%-ია და ფაქტობრივი მაჩვენებელი 7%, ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უბრალოდ არ მუშაობს და ეროვნულმა ბანკმა საქმეს თავი ვერ გაართვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ ინფლაციის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ლადო პაპავა აცხადებს, ეროვნული ბანკს გაზრდილი ფასების საერთო დონის მოთოკვა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შეუძლია, თუმცა ეს თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. მისივე განცხადებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელსაც ეროვნული ბანკი ეყრდნობა, დრომოჭმულია.

„რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზომებით შეიძლება ინფლაციის მაჩვენებლის დაწევა. მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით, რომელიც უკვე 9%-ია, მაგრამ ეს ეკონომიკას დაარტყამს, შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უკვე დრომოჭმულია, ის ვერ მუშაობს. ეროვნული ბანკი მცდარ თეორიულ დებულებებს დაეყრდნო, რაც პრაქტიკამ დაადასტურა. არ შეიძლება მიზნობრივი მაჩვენებელი გქონდეს ერთი და ფაქტობრივი მაჩვენებელი მას ორჯერ და მეტად აღემატებოდეს,“-აცხადებს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არაერთი ალტერნატივა არსებობს, რაზეც ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, 2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (2017 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა). ცნობისთვიც, 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმის დროს წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნას შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში. 2019-2021 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი წლიური მაჩვენებელი შეადგენს 3 პროცენტს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა