„ჰეზბოლა“, „ჰამასი“, რუსეთი და სირია ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის ოპერაციას გმობენ

„ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალაჰის თქმით, აშშ-ის მიერ მოკლული ქასემ სულეიმანი „წინააღმდეგობის ოსტატი“ იყო. მისივე თქმით, „ჰეზბოლა“ სულეიმანის გზას გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ გენერალ სულეიმანის გზას და აღვმართავთ მის დროშას ყველა ბრძოლის ველზე. კრიმინალი მკვლელებისთვის სათანადო სასჯელის მიგება ყველა წინააღმდეგობის მებრძოლის პასუხისმგებლობა იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“,-განაცხადა ნასრალაჰმა.

ირანის ხელისუფლებას, ლიდერსა და ხალხს „გულწრფელი სამძიმარი“ გამოუცხადა „ჰამასმაც“. მათი თქმით, სულეიმანი „იყო ერთ-ერთი უმთავრესი ირანელი სამხედრო ლიდერი, რომელმაც ძირითადი როლი ითამაშა პალესტინის წინააღმდეგობის ბრძოლებში“.

ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაცია დაგმეს სირიისა და რუსეთის მთავრობებმა და ირანს სამძიმარი გამოუცხადეს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეერთებული შტატების ეს „ავანტურისტული ნაბიჯი გაზრდის დაძაბულობას მთელს რეგიონში“. მათივე თქმით, „სულეიმანი ერთგულად ემსახურებოდა ირანის ეროვნული ინტერესების დაცვას“.

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა. სწორედ სულეიმანს უკავშირდება ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო პოზიციების გაძლიერება და ისრაელზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების განხორციელება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა