კამბოჯაში მშენებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას „რიოტერსი“ ავრცელებს. უბედური შემთხვევა სანაპიროზე მდებარე ქალაქ კეპში მოხდა. ჩამონგრევამდე 7-სართულიან შენობაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ჩამონგრევას 36 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 6 ბავშვი და 14 ქალია.
ამ დროისთვის, დაუდგენელია, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი მშენებარე შენობაში.
აღსანიშნავია, რომ 6 თვის წინ კამბოჯაში კიდევ ერთი მშენებარე სახლი ჩამოინგრა, რასაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში სამშენებლო რეგულაციების არარსებობის გამო ზოგიერთი კომპანია აუცილებელ სტანდარტებს არ იცავს.