ლევან ბოძაშვილი - მსოფლიო ომთან დაკავშირებით არის სპეკულაციები და ზოგიერთი ექსპერტი აჭარბებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი ვიყოთ

დღეს ომი არავის ინტერესებში არ არის და ფართომასშტაბიანი კონვენციური ომი არც ყოფილა ირანის ტაქტიკა, - ასე შეაფასა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა ირანის სამხედრო ლიდერის, ყასიმ სოლეიმანის გარდაცვალების შემდეგ, ირანსა და ერაყში განვითარებული პროცესები.

ბოძაშვილის განმარტებით, ირანის ტაქტიკა მოშორებითი ე.წ პროქსი ძალების მეშვეობით წერტილოვანი დარტყმებისა და ტერორისტული აქტების განხორციელებაა. მისივე თქმით, თუ ირანმა რაიმე სახით შეძლო ასეთი დარტყმების განხორციელება, მაშინ სერიოზული საომარი მოქმედებების საფრთხის წინაშე დადგება მთელი რეგიონი.

„პრობლემა არის იმაში, რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არ არის კულმინაციური მომენტი, ყველაფერი არის წინ იმ თვალსაზრისით, რომ გაგრძელდება და მოიმატებს რეგიონში ტერორისტული თავდასხმების საფრთხე და ბუნებრივია, რომ ეს რისკები გამოიწვევს შესაბამის ადეკვატურ რეაქციებს ამერიკის მხრიდან“, - განმარტა ლევან ბოძაშვილმა.

ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს სერიოზული გავლენა ექნება საქართველოზეც და ამ პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოების სამსახურების მაქსიმალური აქტიურობაა.

„მსოფლიო ომთან დაკავშირებით არის სპეკულაციები, ზოგიერთი ექსპერტი აჭარბებს კიდევაც ამ ყველაფერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიყოთ. უსაფრთხოების სამსახურები სრულად უნდა იყოს მობილიზებული მთელი წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კოორდინაცია, საზღვრის დაცვის საკითხები, საემიგრაციო საკითხები უნდა იყოს აბსოლუტურად მაქსიმუმზე აყვანილი.

დღეს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება არის ისეთი, რომ საქართველო დასავლეთისთვის ნაკლები ყურადღების ობიექტი აღმოჩნდეს. დასავლეთის ყურადღება იქნება მთლიანად რეგიონში ესკალირებულ დაძაბულობაზე გადატანილი. ამით შეიძლება, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ისარგებლოს და გაამძაფროს თავისი დამოკიდებულებები ამ რისკების გაზრდასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორებს. ამას ემატება ისიც, რომ ამ ვითარებაში ჩვენ არ ვიცით, სად და როგორ იმოქმედებენ რეგიონის(ახლო აღმოსავლეთი) გარეთ ირანიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხეები, დაჯგუფებები. ამიტომ საფრთხე არის ორგვარი: ერთი არის ჰუმანიტარული, მეორე არის სხვადასხვა ტიპის ტერორისტულ დაჯგუფებების შემოდინების საფრთხე. ერთისა და მეორისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა. ეს არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მეორე - უსაფრთხოების სამსახურები მზად უნდა იყვნენ ტერორისტული ჯგუფებისა თუ ცალკეული პირების სავარაუდო შემოდინებების პრევენციისთვის. არის რისკები, რომ ამერიკის მოკავშირე, პარტნიორ ქვეყნებზე შეტევები სხვადასხვა მასშტაბით განხორციელდეს“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ირანში სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთისკენ ლტოლვილთა ნაკადები დაიძრას.

„თუ განხორციელდა ამერიკის მხრიდან ირანზე გარკვეული სამხედრო პასუხები, ეს გამოიწვევს ლტოლვილთა ნაკადების ჩრდილოეთისკენ მოძრაობას და შესაბამისად, ჩვენ ამ პირობებში ვართ მომატებული რისკის ფარგლებში. 80 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ირანში და 2-3% -იც რომ წამოვიდეს ჩვენკენ, ეს გამოიწვევს გადაულახავ ჰუმანიტარულ პრობლემას ყველა თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ამ ნაკადების გაკონტროლება შეუძლებელი იქნება,“ - განაცხადა ბოძაშვილმა.

ლევან ბოძაშვილის თქმით, მსოფლიო სერიოზული ეკონომიკური რყევების წინაშე დადგება იმ შემთხვევაში, თუ ირანი საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შეტევას განხორციელებს.

„საუდის არაბეთი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მოხდა შეტევები ირანის მხრიდან მათი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, ამან კიდევ უფრო შეიძლება, დაძაბოს ვითარება. ეს გამოიწვევს ნავთობის ფასის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე და ეს საქართველოს ეკონომიკაზე ავტომატურად მაშინვე აისახება, რაც გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს, ფასების ზრდას. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ვიწრორეგიონალური ფაქტორები. ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაზე იქონიებს ძალიან დიდ გავლენას. ჩვენ უკვე ვნახეთ კიბერთავდასხმების ფაქტები და ეს კიბერშეტევებიც, ძირათადად,იქნება მიმართული როგორც სამხედრო, ასევე, პირველ რიგში, ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე. მრავალმხრივი რისკები არსებობს ამ მიმართულებით და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრისთვის საქართველო უნდა იყოს მზად“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა