გიორგი ვაშაძე გუდაურსა და ბაკურიანში შექმნილ სიტუაციაზე - ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, წკეპლა უნდა ავიღოთ და ვცემოთ პრემიერით დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული, რომ ცოტა მაინც გაინძრნენ

ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, წკეპლა უნდა ავიღოთ და ვცემოთ ეს ხალხი წკეპლით, რომ ცოტა მაინც გაინძრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რითაც ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა.

ვაშაძე გუდაურსა და ბაკურიანში შექმნილ ვითარებას სამარცხვინოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირების დაუდევრობის გამო ქვეყანა მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს.

„პირდაპირ გეტყვით, მთელი საქართველო უნდა მოიცვას იმ ძალიან მნიშვნელოვანმა პროტესტმა, რაც დღეს ქვეყანაშია. კატასტროფა ხდება, მარტო პოლიტიკური მხარე ხომ არ არის? ელემენტარული საკითხია ტურიზმი, ქვეყნის ერთადერთი შემოსავალი. ამ დროს, რა ხდება ბაკურიანსა და გუდაურში მთელი ერთი კვირის განმავლობაში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით? ჩვენ გვყავს უამრავი ბიუროკრატი, რომელთაც ხელფასს ვუხდით, პრემიერიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული და ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, წკეპლა უნდა ავიღოთ და ვცემოთ ეს ხალხი წკეპლით, რომ ცოტა მაინც გაინძრნენ და რამე გააკეთონ. აბსოლუტურად კარგავს ქვეყანა ელემენტარულ შემოსავალსაც კი. ეს არის მდგომარეობა და ამას რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე რეაქცია აქვს საზოგადოებაში და ამაზე ჩვენ კიდევ უფრო კატეგორიულები და მწვავეები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებს, მისი ინფორმაციით, პოლიტიკური უმცირესობა სამომავლო დღის წესრიგთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში შეჯერდება.

„პირველი, ჩვენ ველოდებით ეუთო (ODIHR)-ის დასკვნას იმ კანონპროექტზე, რომელიც გაგზავნილია არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე, უახლოეს დღეებში აუცილებლად გვექნება ოპოზიციის შეკრება, სავარაუდოდ, 2-3 დღეში და გეგმებზე ვიმსჯელებთ. მე გეგმის ჩემი, დამუშავებული ვერსია მაქვს, როგორ უნდა გავაგრძელოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამ კუთხით, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამას სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც წარვუდგენთ და შევჯერდებით. ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქმედებები ძალიან მწვავე და აქტიური იქნება და ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1 კვირაში უკვე ყველაფერი გააქტიურდება.

ახალ წელს ხალხი მშიერი შეხვდა, ახალი წლის შემდეგ კი ამ მშიერ ადამიანებს კაპიკი აღარ აქვთ დარჩენილი, რადგან ამოწურეს ყველაფერი. შემოსავალი ქვეყანაში იკლებს სიბეცის და კატასტროფული მოქმედებების გამო, ამიტომ თემები აუცილებლად გაფართოვდება და იქნება ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, - განუცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა