არჩილ თალაკვაძე სერგეი ლავროვზე - თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პრინციპული პოლიტიკური განცხადებები იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული

თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, შემოუშვებს თუ არა ქართული მხარე საქართველოში სერგეი ლავროვს, თალაკვაძის თქმით,“საზღვრის კვეთა ეხება სხვა სტრუქტურებს”.

“სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით სად ჩავა და სად არ ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ რაც ტრადიციულად თავმჯდომარე ქვეყნების მიერ ტარდება, ის ღონისძიებები ჩავატაროთ, მათ შორის მინისტერიალი. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულოს აღებული ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო