იენს სტოლტენბერგი - ახალი კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის, ჩვენ ვაცნობიერებთ დეესკალაციისა და თავშეკავების მნიშვნელობას

ეს არის აშშ-ის გადაწყვეტილება და არა გლობალური კოალიციის ან ნატო-ს გადაწყვეტილება, თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნები ირანის რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებით შეშფოთებულები არიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის ბოლო პერიოდის ქმედებები, მათ შორის საუდის არაბეთის ენერგო ობიექტებზე თავდასხმა და ამერიკული დრონის ჩამოგდება, რეგიონში ესკალაციას იწვევდა. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებმა შეხვედრაზე მხარეებს დეესკალაციისა და თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

„ალიანსი (მხარეებს) დეესკალაციისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის. ირანმა ძალადობისა და პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავოს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, თუ რამდენად სარწმუნო ინფორმაცია წარმოადგინა აშშ-მ, რომელიც სოლეიმანის მკვლელობას იმით ამართლებს, რომ ის ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას აპირებდა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე „დეტალებში შესვლისგან“ თავს იკავებს.

„აშშ-მ გენერალ სოლეიმანთან დაკავშირებით საკუთარი მოქმედება რაციონალურად დაასაბუთა. ამ საკითხს რამდენიმე ბრიფინგი მიეძღვნა, მათ შორის პენტაგონის მხრიდან, რა დროსაც მათ ნატო-ს სხვა წევრებს აუხსნეს, რატომ მიიღეს გენერალი სოლეიმანის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება. ბრიფინგის დეტალებში არ შევალ და ამას შეერთებულ შტატებს მივანდობ, თუმცა ჩვენ ვაფასებთ ამ ბრიფინგს, ვინაიდან ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნატო არის პლატფორმა, სადაც ევროპელ, ჩრდილოელ ამერიკელ მოკავშირეებს შეუძლიათ, ერთად შეიკრიბონ და უსაფრთხოების პრობლემებზე იმსჯელონ,“- განაცხადა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ირანი ისეთ საპასუხო ქმედებას განახორციელებს, რაც აშშ-ს ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლის მიხედვით მოქმედების შესაძლებლობას მისცემს, როგორი იქნება ნატო-ს პასუხი, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ ახლა მთავარია „დეესკალაცია და რეგიონში დაძაბულობის გაზრდის თავიდან აცილება.“

„თუკი დავიწყებ იმით სპეკულირებას, თუ როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ, ეს დეესკალაციას ხელს არ შეუწყობს და პირიქით იმოქმედებს - დაძაბულობას გაზრდის. ასე რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი ქცევისკენ მოვუწოდებთ. ვაცნობიერებთ დეესკალაციისა და თავშეკავების მნიშვნელობას და სწორედ ეს იყო დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის წევრების მკაფიო გზავნილი,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა