არჩილ თალაკვაძე - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიციელმა კანონდარღვევის გამო შებღალოს პოლიციის იმიჯი

როცა პოლიციელი არღვევს კანონს, სისტემა ჩანს მაშინ, როცა ის ახდენს რეაგირებას. ამ შემთხვევაში რეაგირება იყო ძალიან დროული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავის დაკავების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ პოლიციის იმიჯი დაზიანდეს.

„პირი დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია, რა მტკიცებულებებიც იქნება საქმეში და რა შეკითხვებიც გამოიკვეთება, ამაზე სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს. ჯერჯერობით ამ ადამიანს ბრალი უნდა დაუმტკიცდეთ, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიციელმა კანონდარღვევის გამო შებღალოს პოლიციის იმიჯი. ეს არის დაუშვებელი. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს თითოეულ ფაქტზე რეაგირება ექნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა დღეს შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს