ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის გამოკითხვას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჩხარტიშვილის ადვოკატმა ია სირანაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის გამოკითხვას ითხოვენ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე კალაძის და ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს.

ადვოკატის თქმით, არც ერთი მტკიცებულებით ლაშა ჩხარტიშვილის მხრიდან აქციაზე კანონდარღვევა არ იკვეთება.

„ჩვენ დრო ვითხოვეთ იმისათვის, რომ შსს-ს წარმოედგინა სამხრე კამერები, რომელზეც აღბეჭდილი იქნებოდა ლაშას მიმართ მაღალჩინოსნის, ვინმე გოგა მემანიშვილის მხრიდან თავდასხმა. წესით, დღეს უნდა წარმოადგინოს ეს შსს-მ. ჩვენის მხრიდან, დღეს შუამდგომლობები იქნება დაყენებული რიგი მოწმეების დაკითხვის შესახებ, მათ შორის, ორ მოწმეზე, რომელიც უშუალოდ ფაქტის მომსწრეა. ხოლო, მესამე იქნება კახა კალაძე, რომელთან დაკავშირებითაც აქციის გამართვა იყო დაგეგმილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ლაშა დღეს პროცესზე იმიტომ არის, რომ ეს აქცია ჩაშლილიყო", - განაცხადა ადვოკატმა სირანაშვილმა.

ამასთან, როგორც სხდომის დაწყებამდე ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციაზე მისი დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, უშუალოდ შსს-ს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილი იყო "მთელი აქციის განმავლობაში დავალების შემსრულებელი“.

ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენლის გოგა მემანიშვილის ფოტომასალაც წარუდგინა. ამასთან, მან სასამართლოზე მიიტანა ჩანთა, რომელშიც მისვე თქმით, საჭირო პირადი ნივთები აქვს, რომელიც დაკავების შემთხვევაში ციხეში გამოადგება.

"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველას და ყველაფერს იჭერს, ერთ თვეში ჩემთან მიმართებაში პოლიტიკური დაკავება აშკარად ატარებდა კონკრეტული პერსონალური დევნის ხასიათს, რომელსაც კალაძის და ივანიშვილის დავალებით აწარმოებდა გოგა მემანიშვილი. ის აუცილებლად იქნება განსასჯელის სკამზე. დღეს მნიშვნელობა არ აქვს დამაპატიმრებენ თუ დამაჯარიმებენ. ისეთი არადეკვატური ჯარიმების გადახდა, რომელიც საქართველოშია, ჩემთვის და საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. მირჩევნია პატიმრობა და საჭირო ნივთებით ვარ მომზადებული მოსული", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით პარლამენტის წინ, 3 იანვარს დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა