ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა, არ არის მიზანშეწონილი

საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა, არ არის მიზანშეწონილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

„2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით SNA 2008-ის მიხედვით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. შესაბამისად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება მხოლოდ ამ წყაროებზე დაყრდნობით, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა - არ არის მიზანშეწონილი“,-აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, უწყების ინფორმაციით, 2019 წლის მიხედვით: ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დაანგარიშებული აშშ დოლარში გამოხატული ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემი სრული 2019 წლისთვის ჯერ ცნობილი არაა, თუმცა იმ კონსერვატიული დაშვებით, რომ მეოთხე კვარტალში მშპ-ს რეალური 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება (ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7%, ხოლო ნოემბერში 6.4% იყო) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2019 წელს 4696.4 აშშ. დოლარი იქნება.

ამასთან ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა (მშპ) მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება.

„ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა 2020-2024 წლებში რეგიონის ქვეყნებთან შედარებით და საშუალოდ 4.9 პროცენტს შეადგენს. 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს უკრაინის (3.2 პროცენტი), სომხეთის (4.6 პროცენტი), აზერბაიჯანის (2.2პროცენტი), რუსეთის (2.0 პროცენტი), თურქეთის (3.2 პროცენტი) და ბელარუსის (0.02 პროცენტი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში, მაშინ როდესაც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით ზრდის მაღალი ტემპები ფიქსირდებოდა, მაღალი ზრდები იყო მთელს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში. 2004-2012 წლებში საქართველოში საშუალო ზრდა იყო 6.2 პროცენტი, მაშინ როდესაც აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 13.6 პროცენტი, ხოლო სომხეთში 6.5 პროცენტი იყო. საპირისპირო სურათი გვაქვს დღეს. საგარეო გამოწვევების, ზოგადი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და გლობალურად შემცირებული საინვესტიციო ნაკადების ფონზე, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ანალოგიურად, ჩვენ ერთპიროვნული ლიდერები ვიქნებით საშუალო ვადიან პერიოდშიც. როგორც აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020-2024 წლებში საშუალოდ იქნება 4.9 პროცენტი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“,-აცხადებენ სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა