ნათია თურნავა - „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა აბსოლუტურად ლოგიკურია - პროექტის გაგრძელების აუცილებლობას ვხედავთ, თუმცა ამ ინვესტორის გარეშე

იმ პირობების თანახმად, რითაც თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდა, 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რაც სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება სწორია, რადგან თურნავას განცხადებით, მთავრობა კონსორციუმთან ერთად პროექტის გაგრძელების რესურსს ვერ ხედავს.

მინისტრის შეფასებით, პროექტის ვადების კიდევ ერთხელ გადადება შეუძლებელია და სახელმწიფო ინტერესებს ავნებს.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა არსებული ხელშეკრულება. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან ამ პროექტს და მასში ჩართულ ინვესტორს ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერას ვუცხადებთ: ფინანსურს, იურიდიულს, ორგანიზაციულს, პოლიტიკურს. იმ პირობების თანახმად, რითაც თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდა, 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ეს სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობაა. ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც მთავრობამ ესოდენ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ერთადერთი კომერციული პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია მოხსენიებული.

ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება სწორია, რადგან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, თუმცა ამ ინვესტორის გარეშე, რადგან აღნიშნულ ინვესტორთან ერთად ამ პროექტის გაგრძელების რესურსს ვერ ვხედავთ. მეტი შანსი და ამ პროექტის მეტი გადავადება არის შეუძლებელი და ავნებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს,“ - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ახალი ინვესტორის შესარჩევად პირობები შეიცვლება და გადახალისდება.

„კიდევ არის დამატებით შესაძლებლობა, რომ გადავხედოთ და გადავახალისოთ ინვესტორისადმი მოთხოვნილი პირობები, გავხადოთ ის დღევანდელობის უფრო ადეკვატური, რადგან 2017 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა გლობალურადაც და რეგიონშიც. ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება და დარწმუნებული ვართ, გადახალისებული პირობებით ჩვენ შეუფერხებლად დავიწყებთ ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესს, ისევ და ისევ გამჭვირვალედ და კონკურენტულ ვითარებაში,“ - განაცხადა თურნავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა