ბადრი ჯაფარიძე - ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განზრახული, „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტით დაასრულეს

ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განზრახული, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტით დაასრულეს. ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილი პროექტი, რომელსაც ივანიშვილის დავალებით, მთავრობის წევრები ახორციელებენ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ პროექტის წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით შეტევა 2018 წელს დაიწყო, რამაც ინვესტორების დაფრთხობა გამოიწვია. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ქვეყნის სასამართლოში დავა დაიწყება, რაც გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში პროექტით ინვესტორი დაინტერსდეს.

„2018 წელს შემოტევა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა. პირველად ეს ბიძინა ივანიშვილმა ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით დაიწყო. შემდგომ ეს განხორციელდა ეროვნული ბანკის მხრიდან შემოტევით, შემდგომ - პროკურატურის შემოტევით. რა თქმა უნდა, ამან ინვესტორების დაფრთხობა გამოიწვია, რადგან როდესაც ხედავენ, რომ სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ებრძვის კონსორციუმის დამფუძნებელს, ეს იწვევს ქვეყნიდან ინვესტორების განდევნას. ამის მიუხედავად, 2019 წელს ჩვენ მაინც შევძელით მოგვეზიდა ინვესტორები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ჩვენს შესაძლებლობებში და დარწმუნებულნი არიან ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობაში, მაგრამ ამას უკვე წინ დაუდგა მთავრობის მხრიდან სრულიად არაკონსტრუქციული პოზიცია. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ განდევნილი იქნა ინვესტორი და საბედნიეროდ, ამის მოწმეებიც არსებობენ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ხელშეკრულება შეწყვეტილიყო იმ მოტივით, რომ კონსორციუმი თითქოს ვერ ასრულებს ვალდებულებას.

საბედნიეროდ, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველი ადგილი არის ჟენევის არბიტრაჟი და ასევე, იმ ქვეყნების სასამართლოები, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ. ახლა ვეჯახებით რეალობას, სადაც რამდენიმე ქვეყნის სასამართლო დავაში გადაიზრდება ეს ყველაფერი. პრობლემა ისაა, რომ გამორიცხულია, ასეთი სადავო პროექტით უახლოეს პერიოდში ინვესტორი დაინტერესდეს. სწორედ ეს იყო ივანიშვილის ამოცანა. როგორც ხედავთ, პარალელურად, მე და მამუკა ხაზარაძე სასამართლოში ვართ. ანუ ყველაფერი, რაც ივანიშვილს ჰქონდა განზრახული, კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტით დაასრულეს. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილი პროექტი, რომელსაც ივანიშვილის დავალებით, მთავრობის წევრები ახორციელებენ იმის მიუხედავად, რომ ესმით, რა საფრთხეში აგდებენ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ჟენევის არბიტრაჟში წარდგებიან ის მოწმეებიც, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს საქართველოდან ინვესტორების განდევნაში ამხელენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს