სემეკის წარმომადგენელი თვითმმართველ ქალაქებში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფის გაორმაგებაზე განმარტებას აკეთებს

თვითმმართველ ქალაქებში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფის გაორმაგება ერთჯერადი გადასახადია და ეხება მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელიც არასდროს იყო მიერთებული გამანაწილებელ ქსელზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, ვანო მეჭურჭლიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ძირითადად ასეთი ობიექტებია სხვადასხვა სახის ახალი მშენებლობები, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი.

„თვითონ ეს საფასური გულისხმობს ისეთ მომსახურებას, რაც სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებაა და განაწილების ლიცენზიანტს ავალდებულებს, რომ მომხმარებლის, ანუ მიერთების მსურველის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს ერთი შეხების კონტაქტით, სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება. ეს მოიცავს როგორც ნებართვის აღებას, ისე ქსელის მშენებლობას, მასალებს, დაპროექტებას. მოგეხსენებათ, რომ განაწილების ლიცენზიანტების საქმიანობა რეგულირებადი საქმიანობაა, მარეგულირებელი კომისია აკვირდება რეალურ დროში ამ მომსახურებას, შემოსავლებსა და ხარჯებს. ამ წლის განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე აშკარად გამოიკვეთა ხარჯების ისეთი არათანაბარი ზრდა, რომელზეც აუცილებელი იყო, მარეგულირებელ კომისიას რეაგირება მოეხდინა“, - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველ ქალაქებში კომუნიკაციები მჭიდროდაა განთავსებული და მიერთებისთვის ქსელის მშენებლობაა საჭირო, რომელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც, თავის მხრივ, საკმაოდ დიდ სამშენებლო სამუშაოებს საჭიროებს.

„შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია ვალდებული იყო, ეს ხარჯები სადმე აესახა. ჩვენ ვერ დავუშვებდით ამ ხარჯების ტარიფში ასახვას, მით უმეტეს, როდესაც ეს ხარჯები გამოწვეულია თითოეული მიერთების მსურველის ტექნიკური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ამიტომ, ხარჯების ანაზღაურების სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ამ ხარჯების იმ ზონებზე ლოკალიზება მოვახდინეთ, რა ზონებიდანაც გამოდიოდა მათი მატება“, - განაცხადა რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა.

ვანო მეჭურჭლიშვილმა ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს რეალურ დროში კონტროლი.

„აღსანიშნავია, რომ რეალურ დროში კონტროლი გულისხმობს იმას, რომ კომისიას დადგენილი აქვს კომპენსაციები, თუ განაწილების ლიცენზიანტი დროულად არ მოახდენს ამ მიერთების სამუშაოების განხორციელებას, მიერთების საფასური 50%-ით ნახევრდება, დამატებით ვადა გადაცილებაზე ნულდება, ხოლო ამის შემდგომ ყოველ მომდევნო გადაცილებაზე კომპანია კომპენსაციის სახით უხდის მიერთების საფასურის 50%-ს. 2019 წელს ახალ მიერთებების ვადების დარღვევის გამო მხოლოდ ბუნებრივი გაზის სექტორში გაცემულია 533 530 ლარის ოდენობის კომპენსაცია“, - აღნიშნა მეჭურჭლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო