პროკურატურა ვარკეთილში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოზე“ მომხდარის შედეგად, გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული მეორე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა ვარკეთილში, ე.წ. „დამპალოს” სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული მეორე პირის, ვახტანგ ბურძენიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბურძენიძე დანაშაულს არ აღიარებს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდებულის მიმართ. დღესვე ბრალდება დაუმძიმდა დაკავებულ ბრალდებულს ზურა ფოფხაძეს, რომელსაც 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და ასევე 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამძიმდა ბრალდება. ვგულისხმობ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, რამაც სამწუხაროდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოყვა. ბრალდებული ვახტან ბურძენიძე არ აღიარებს დანაშაულს. ის ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს, კონკრეტულად სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი მტკიცებულება გახლავთ დაზარალებული ძმის ჩვენება. მოგეხსენებათ, რომ ოჯახის წევრებთან რთული პერიოდის გათვალისწინებით საკმაოდ გართულდა დაკავშირება და შემდეგ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. ვერიდებოდით კიდეც ამ პერიოდში ამ ადამიანების შეწუხებას. თუმცა, ძმამ მოახერხა, გამოცხადდა ჩვენთან და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა“, - აღნიშნა გუმბერიძემ.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყება გარკვეული ფაქტების შესწავლას არ აცხადებს, რაც გუმბერიძემ კატეგორიულად გამორიცხა.

„გვსურს განვმარტოთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ გარკვეული ფაქტების შესწავლას არ ვახდენთ, მინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ქმედება, რომელიც ჩადენილია ბრალდებულების მიერ ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ, ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ სხვა გარემოება - ვგულიხმობთ სასაფლაოდან სახლში გადაყვანა და შემდგომ სასწრაფოში დარეკვა. აქ ჩვენ გამოვკვეთავთ მოტივს და სამართლებრივ შეფასებას ამ ქმედებასაც მივცემთ“, - აღნიშნა გუმბერიძემ.

გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, არსებული მტკიცებულებებით საქმეში წამების გარემოება არ იკვეთება.

„მოცემულობით, რაც ჩვენ მტკიცებულებებით გვაქვს საქმეზე, რაც დასტურდება და გამოძიებასთან დაზარალებული პირიც საუბრობს, აქ წამების გარემოება არ იკვეთება. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა წარდგენილი, რაც უკვე გადადის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში და 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“, - განაცხადა გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები ვახტანგ ბურძენაძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს