კახა კოჟორიძე - ხელისუფლება, რომელსაც კანალიზაციის და წყლის გაყვანის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გვესაუბრება

ხელისუფლება, რომელსაც კანალიზაციის და წყლის გაყვანის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გვესაუბრება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ცხადია, რომ ანაკლიის მშენებლობის პროეტქი გაჩერდა იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არსებობს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დაიწყებს სამართლებრივ დავას და ეს დავა, პრაქტიკულად გადაწყვეტილად შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, რომ წარმატებით დასრულდება ბევრი სამართლებრივი არგუმენტის გამო. ნათელია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და ამ ეტაპზე მოკვდა სწორედ იმის გამო, რომ საქრათველოში არსებობს პოლიტიკური დევნა და სწორედ იმის გამო, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყეს პოლიტიკური ანგარიშსწორება. სსვათაშორის, გუშინ ძალიან ნიშანდობლივი და სიმბოლური იყო, რომ მთავრობის სხდომაზე ანაკლიის გაჩერების შესახებ ზუსტად მაშინ ისაუბრეს, როდესაც სასამართლო დარბაზში ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისი შეფასებით, მსგავსი პროექტების სულისჩამდგმელები სასამართლო დარბაზში იძულებით რომ შეჰყავთ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება აღარ უნდა გაუკვირდეთ.

„ჩვენი მეზობლებიც კი, ისეთები, რომლებსაც ადრე ვუსწრებდით, მაგალითად სომხეთი, უკვე გვისწრებს ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი საერთოდ არ აქვს, გვისწრებს ეკონომიკური განვითარების ტემპით და ეს არ უნდა გაგვვიკვირდეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში.

მინდა გითხრათ, რომ სანამ დავა დასრულდება, მანამდე დასრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და შესაბამისად, ანაკლიის პროექტი გაგრძელდება და ამის შემდეგ, მშვიდობიანად გადაწყდება ეს დავა. ამიტომ მე ვერ გეტყვით, რომ დაველოდებით, როდის დასრულდება ეს დავა. ჩვენ დაველოდებით არჩევნების ჩატარებას. არჩევნების ჩატარებით „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულება შეუწყდება, რაც მთავარია და შემდეგ გაგრძელდება ანაკლიის ხელშეკრულება“,- განაცხადა კახა კოჯორიძემ.

სავარაუდო საკადრო ცვლილებთან დაკავშირებით კი „ლელოს“ წევრმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ წავა და ვინ მოვა „ქართულ ოცნებაში“, რადგან მისი შეფასებით, ის მაინც უნიათო ხელისუფლებად დარჩება.

„მიუხედავად იმისა, ვინ წავა და ვინ მოვა „ქართულ ოცნებაში“, შესაკრებთან გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება და ჯამი არის უნიათო ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს არანაირი უნარი გააკეთოს საქმე. აქვს ერთადერთი უნარი, რომ პოლიტიკური დევნა განახორციელოს, გააჩეროს მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო