რეგიონში პირველად, მსოფლიოს საუკეთესო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) საქართველოში სტარტაპ პროექტებზე მუშაობა “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” (BTU) ბაზაზე დაიწყო.
გლობალური სტარტაპ ლაბი უნივერსიტეტში 4 კვირის განმავლობაში 9 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები შერჩეულ კანდიდატებს მეწარმეობასა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით გადაამზადებენ და მათ დემო დღისთვის მოამზადებენ, რომელიც 31 იანვარს გაიმართება.
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) ურთიერთშეთანხმებას აშშ-ში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში, 2 წლის წინ მიაღწია. უპრეცედენტო შეთანხმება მობილური აპლიკაციების საქართველოში შექმნას და მის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს.
მიღწეული შეთანხმების დეტალებისა და პარტნიორების პრეზენტაცია BTU-ში გაიმართა, სადაც მხარეებმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის საქართველოში განხორციელება სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი არის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება. მას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც პრეაქსელერაციის პროგრამას გაატარებს არამხოლოდ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებს, არამედ საქართველოს მასშტაბით შერჩეულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.
„პირველ რიგში ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ამ ღონისძიების მასპინძელია. განსაკუთრებულად ველოდებით დემო დღეს, რომელიც პროგრამის დასასრულს, 4 კვირის შემდეგ გაიმართება. სწორედ დემო დღეზე აირჩევა გამარჯვებული სტარტაპი, რომელსაც MIT საერთაშორისო ბაზარზე იდეის კომერციალიზაციაში დაეხმარება“, - განმარტა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ენუქიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუთიც. როგორც მან განაცხადა, მოხარულია, რომ ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის წარმატებული პარტნიორობა ხორციელდება.
„მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, დაარსების დღიდან, ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდა მეწარმეების წახალისებით ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას 25-ზე მეტ ქვეყანაში.
ჩვენ დღეს ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც“ განხორციელდება ეს პროგრამა. აშშ-ის საელჩო და USAID-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, ეკონომიკურად განვითარდეს და ახალგაზრდების დაინტერესებას ბიზნესისა და მეწარმეობის კუთხით“ - განაცხადა მან.
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტში 28 სტუდენტი მონაწილეობს, მათგან 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, ხოლო 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად დაფინანსებულია „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მიერ.
ამასთან, MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ოფიციალური პარტნიორები კი „თიბისი სტარტაპერი“ და „სილქნეტი“ არიან.