ირაკლი ზარქუა - „ანას ბაღთან“ დაკავშირებით, ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას ცდილობს“

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა „ანას ბაღთან“ დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ძველი ადმინისტრაციის დროსაა გაცემული.

„ამის მიუხედავად, როგორც კი მუნიციპალიტეტში საჩივარი შემოვიდა, ჩვენ პროექტი გავაჩერეთ. მერიაში პროექტის ურბანული და არქიტექტურული შესწავლა მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი სამართლებრივად გამართულია. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, რომ მშენებლობა შეგვეფერხებინა. ამიტომ, როგორც კი მორატორიუმის ვადა ამოიწურა, მუშაობა გაგრძელდა. ახლა უკვე ამ მშენებლობის ბედი დეველოპერის მხრიდან კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია თავად გააჩეროს პროექტი, ან არის მეორე გზა, მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს, სასამართლოს მიმართოს“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, „ანას ბაღთან“ დაკავშირებით, ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას ცდილობს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრები გამართა.

„ამ შეხვედრების დროს, ჩვენ მათ ავუხსენით, რომ პროექტი სამართლებრივად გამართულია და მუნიციპალიტეტს არ აქვს ბერკეტი, რომ მშენებლობა გააჩეროს. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ვიცავთ კანონებს, როგორც ბიზნესის ნაწილში, ასევე საჯარო ინტერესებს. თუ მოსახლეობისთვის მიუღებელია ეს მშენებლობა, ერთადერთი გზა არის სასამართლო. თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ პროექტი უნდა შეჩერდეს, მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება,“- დასძინა ირაკლი ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს