ზურაბ ჭიაბერაშვილი ამირან გამყრელიძეს 7 შეკითხვით მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს 7 შეკითხვით მიმართვს. ჭიაბერაშვილი გამყრელიძის ბრიფინგს სოციალური ქსელით ეხმაურება და კითხვებთან ერთად იმ საკითხებზე საუბრობს, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.

„დღევანდელ განცხადებებში ამირან გამყრელიძემ უკლებლივ დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რაზედაც 2018 წლის შემოდგომიდან ვსაუბრობ, კერძოდ:

  1. “ჩვენი ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩენებლებია, რომ უნდა გამოვავლინოთ 150 ათასიდან 135 ათასი ადამიანი, ანუ 95%, 128 ათასი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და 122 ათასი უნდა განვკურნოთ. დღეს ჩვენ 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა 98,7%-იანი განკურნების ეფექტით”.
  2. “C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შეგვესრულებინა 2020 წელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ყველა ეს ადამიანი განიკურნოს.”
  3. “შარშანწინ ჩატარებული გვაქვს ე.წ. ბარიერების კვლევა - პირველ დაბრკოლებად საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მეორე დაბრკოლებად კი ფინანსური ბარიერი გამოვლინდა”.
  4. “როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა”.

რაშიც განსხვავდება ამირან გამყრელიძისა და ჩემი პოზიციები ეს შემდეგია: შეიძლებოდა თუ არა ამ პრობლემების წინასწარ განჭვრეტა და თავიდან აცილება. მე ვამბობ რომ შეიძლებოდა და ვთხოვდი ბატონ ამირანს, საჯაროდ მიპასუხოს შემდეგ კითხვებზე:

  1. ბარიერების კვლევა ჩატარებულია 2 წლის წინ, ფინანსური ბარიერი მოიხსნა 6 თვის წინ. რატომ გააჭიანურა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროცესი ამდენ ხანს, როდესაც ბიუჯეტში ამ პროგრამაზე თანხები იყო გამოყოფილი? შეგახსენებთ, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მილიონიდან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული.
  2. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაინახა პროგრამაში ჩართვის დაბალი მაჩვენებლი, რა საინფორმაციო კამპანია ჩაატარა? კონკრეტული მაგალითები და შეფასებაც, რამდენად ეფექტური იყო ეს კამპანია.
  3. რა თქმა უნდა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე სტიგმის გამო ნარკოდამოკიდებულთა პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია, მაგრამ ჩვენს, 2012 წლამდე ხელსიუფლებასთან ერთად განა დღევანდელი ხელისუფლება თანაბრად არ იზიარებს პასუხისმგებლობას ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო?
  4. მთავარი მაინც მენეჯმენტის გაუმართაობაა. მოვიყვან პირად მაგალითს, რომელზეც ჯანდაცვის კომიტეტზე ვილაპარაკე 2019 წლის 18 მარტს : 2015 წლიდან, რაც C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა დაიწყო, თავად მე მინიმუმ 8-ჯერ მქონდა შეხება სამედიცინო დაწესებულებასთან, აქედან 6-ჯერ პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევებისათვის. არც ერთხელ, არც ერთ დაწესებულებას, მითუმეტეს, ლაბორატორიას ჩემთვის C ჰეპატიტის სკრინინგისთვის ე.წ. “სწრაფი ტესტი” არ გაუკეთებია. არადა თითქოს მარტივია ხომ? მიხვედი პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ავტომატურად სისტემა გიტარებს სკრინინგს. (საბოლოოდ, 2019 წლის მარტში ჩავიტარე ტესტი და ამაში გადავიხადე 24 ლარი.) ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს სკრინინგი, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისათვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ. ამირან გამყრელიძე ამბობს: “2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი.” კითხვა: შეიძლებოდა თუ არა პროგრამის მთელ ქვეყანაში გაშლა ისე, რომ იგი სოფლის ექიმის დონეზე დავიდეს და მოსახლეობა მთლიანად სწრაფად მოიცვას? და ისევ, შეიძლებოდა თუ არა 2019 წლის აგვისტომდე წამლამდე მისასვლელი ყველა ეტაპი - “სწრაფი ტესტი”, “დადასტურების ტესტი” და დიაგნოსტიკური კვლევა - უფასო და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო?
  5. C ჰეპატიტის სამკურნალოდ საქართველოსთვის კომპანია “გილეადის” მიერ ნაჩუქარი წამლის ჯამური ღირებულება „საქსტატს“ დაფიქსირებული აქვს 2016 წლის სავაჭრო ბალანსში, როგორც 2.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი, რაც კურსით 1$-2.5 ლარს 6.5 მლრდ ლარია. ანუ სახელმწიფომ დაუშვა 560 მლნ ლარის ანუ საერთო ღირებულების 8.6%-ის წყალში გადაყრა. არის თუ არა თავად ეს ყველაზე დიდი ზიანი პროგრამისთვის?
  6. ამ პროგრამის, C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის (თითქოს მისი გამოცდა ხდება ჩვენზე. სრული ტყუილი!), შეერთებული შტატების, ლუგარის ლაბორატორიის (რომელიც ბატონი ამირანის ქვემდებარე უწყებაა) წინააღმდეგ ყველაზე დამაზიანებელი კამპანია პრორუსულმა ჯგუფებმა აწარმოეს ყალბი საინფორმაციო სააგენტოებითა და სოციალური ქსელებით. არის თუ არა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, რომ ამ ჯგუფებს წლების განმავლობაში ახალისებს და აფინანსებს კიდეც, რაც გასულ თვეში „ფეისბუქის“ მიერ ოფიციალურად დადასტურდა?
  7. ყველაზე მთავარი: ამ ტემპით ვერც 2-3 წელიწადში მოხდება C ჰეპატიტის აღმოფხვრა. დამატებით რის გაკეთებას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ 2023 წელს მაინც იყოს შედეგი? საჭიროა ძალიან კონკრეტული გეგმა, ჩვენ კი ეს ჯერ არ მოგვისმენია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენეთ, დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა 2020 წელს უნდა შესრულებულიყო, თუმცა კიდევ 2-3 წელი იქნება საჭირო, რომ ყველა ადამიანი განიკურნოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო