ვარკეთილში ,,ანას ბაღთან'' ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს, ისინი სკვერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიისგან მშენებლობის ადგილმონაცვლეობას ითხოვენ. მათი განცხადებით, 62 დღეა, რაც აღნიშნული მოთხოვნით პროტესტი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებთან ერთად ადგილზე პოლიტიკური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან.
,,ვაპროტესტებთ სკვერში და სკვერის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას, აქ 2017 წელს ნარმანიამ უკანონოდ გასცა მშენებლობის ნებართვა. კალაძემ პირველი რაც გააკეთა, ეს ნებართვა გააუქმა და თქვა, რომ სკვერში კორპუსი აღარ იქნებაო, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ თავისივე გადაწყვეტილებას გადახედა და თავად გასცა კორპუსის მშენებლობის ნებართვა. აქ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ ერთ მარტივ რამეს - ბავშვებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა და სუნთქვის საშუალება, რაც კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული. ერთადერთი გამოსავალი არის ადგილმონაცვლეობა ან კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა, რაც კალაძისთვის 10 ურნის ფასს წარმოადგენს და თუ ამაზე მეტის ფასი არ არის ადგილობრივი მოსახლეობა, ესეც თქვას ქალაქის მერმა”, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.