კახა კოჟორიძე - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესები უაღრესად ფორსირებულად მიდის, რაც იმის დასტურია, რომ ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, პროცესები უაღრესად ფორსირებულად მიდის, რაც კიდევ ერთხელ დამატებითი დასტურია იმის, რომ ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას”.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოჟორიძემ აღნიშნა, „ლელო” აპირებს სასამართლოს მიმართოს ოფიციალური განცხადებით და რამდენიმე კითხვა დაუსვას.

„პირველი კითხვა უშუალოდ მიემართება მოსამართლე გიორგი არევაძეს, მის სამოსამართლეო პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ოდესმე, რომ მსგავსი ინტენსივობით ორ თვეში, ოცი სასამართლო პროცესი ჩაეტარებინოს?

მეორე კითხვა უკვე მიემართება მთელ ქართულ სასამართლო სისტემას. დამოუკდებელი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, სხვა რომელ საქმეზე მოხდა, რომ ორი თვის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით ჩატარებულიყოს პროცესები?

22 დეკემბერს „ლელოს” ჰქონდა პარტიული ყრილობა. ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი სტარტი და ამის შემდეგ 27 დეკემბერს მოსამართლე გიორგი არევაძემ ფორსირებულად გადაწყვიტა პროცესების ჩანიშვნა. იანვარ-თებერვალში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 18 პროცესი და პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს პრაქტიკულად ყოველი მეორე დღე უწევს სასამართლო დარბაზში სიარული“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისი თქმით, ხაზარაძე ჯაფარიძის საქმის დაწყების მიზანი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ აქტივობის განეიტრალება იყო.

„ასევე, მინდა გითხრათ, რომ ბოლო პროცესზე ადვოკატმა ეკა ეგუტიამ დააყენა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ გადადებულიყო ერთი სხდომა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა. ასევე, ავთანდილ წერეთელმა დააყენა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ და ითხოვა რამდენიმე სხდომის გადადება, თუმცა მოსამართლეს ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობაც არ დაუკმაყოფილებია და წერეთლის ადვოკატი დღეს მიმართავს პროკურატურას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წერეთელი მიემგზავრება საზღვარგარეთ და უკვე ამ მოტივით პროცესის გადადებას ოფიციალურად მოვითხოვთ“, - განაცხადა კოჟორიძემ.

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა „ლელო საქართველოსთვის“ კიდევ ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ პროცესების ფორსირებულად ჩანიშვნა აღნიშნულ საქმეში პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს.

„ჩვენ გვაქვს ათობით საქმე თვალწინ, როდესაც არათუ არსებით განხილვაზე არ გადადის სასამართლოში საქმეები, არამედ წლობით ელოდებიან მოქალაქეები, რომ სასამართლომ მათი საქმეების განხილვა დაიწყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ სწრაფად ჩანიშნა მოსამართლემ ეს საქმე და ვხედავთ, რომ თავად უნდა სწრაფად განიხილონ ეს საქმე, რაც ცალსახად მიუთითებს საქმეში პოლიტიკურ მოტივაციაზე”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის" ზამთრის შეთავაზება