მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს. ის უკვე 6 თვეა პატიმრობაშია.

ვაჩნაძემ რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება მომხდარის შესახებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საფრანგეთს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძეს არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ამავე საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით იმ დროს დააკავეს, როდესაც საფრანგეთიდან პოლონეთში მიდიოდა.

"ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს. მე არ ვარ მსროლელი, საფრანგეთს ვთხოვ გაასაჯაროოს მტკიცებულებები და თუ დამნაშავე ვარ გამასამართლონ, თუ არ ვარ გამათავისუფლონ. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი საფრანგეთში, დანაშაული არ ჩამიდენია. ვიყავი პოლიტიკურად აქტიური, ვეხმარებოდი ემიგრანტებს და სწორედ ეს არ აწყობდათ. ამიტომ საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“, - ამბობს მელორ ვაჩნაძე ვიდეომიმართვაში და დახმარებას სთხოვს როგორც ქართულ არასამთავრობოებს, ასევე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე 2019 წლის დასაწყისში გერ­მა­ნი­ა­ში ყოფნის დროსაც დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ის მა­ღა­ზი­ა­ში მო­პა­რული ფეხ­საც­მლის გამო დააკავეს, რაც ვაჩნაძემ უარყო და განაცხადა, რომ მისი დაკავება პას­პორ­ტის არ­ქო­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და და იზო­ლა­ტორ­ში სამი დღე გა­ა­ტა­რა.

AMBEBI.GE მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა:

"საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მელორ ვაჩნაძის საქმესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური კავშირზეა ბატონ ვაჩნაძესთან და მას სთავაზობს დახმარებას. მელორ ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა საკონსულო მომსახურების მიღებაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ, საკონსულო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავს მელორ ვაჩნაძის უფლებებს" , - განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყებაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა