ქეთევან ციხელაშვილი - ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას

ოფიციალური თბილისი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ის, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, მოვლენების ძალადობრივ ფორმაში გადაზრდა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისათვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

„ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. მეტიც, თვითონ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობაში მშვიდობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ჩვენ გვითქვამს და გაგვიცხადებია არაერთხელ, რომ არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისათვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამისათვის არსებობს შესაბამისი ფორმები და საკმაოდ ფართო სივრცე. თუნდაც ის, რომ ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოვნიშნეთ არაერთი სფერო ასეთი თანამშომლობისათვის, დიალოგისათვის, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ნებისმიერი სხვა, რაც შეიძლება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს და პრაგმატული მიდგომებით იყოს ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, არის მისაღები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზურ მხარესთან კონტაქტები არსებობს და ბოლო პერიოდში მზარდია.

„რაც არ უნდა თქვას ამა თუ იმ პირმა, მათ შორის შესაძლებელია, ქართულ მხარესაც, კონტაქტების არარსებობის თაობაზე, მე დაბეჯითებით გეუბნებით, რომ კონტაქტები რა თქმა უნდა, არსებობს, და ამ ბოლო პერიოდში არის მზარდი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის საჯარო, რაც იმას მიანიშნებს, რომ დიახ, აფხაზურ მხარესაც არის სურვილი, საჭიროება, ინტერესი და ვფიქრობ, დროც საკმარისი გავიდა და ალბათ, არსებული ფონიც და მოვლენებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ დასკვნა - აუცილებელია ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ დიალოგისაკენ, თანამშრომლობისაკენ და ნდობის მშენებლობისაკენ. ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას. ჩვენ ისედაც ვდგამთ პროაქტიულ ნაბიჯებს, რაც არის სწორედ მოსახლეობის ინტერესებზე მიმართული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა