მამუკა ხაზარაძე - ყაზბეგისკენ მიმავალი გზის მშენებლობა პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის და ქვეყანას ვაძლევთ ტანკების კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას

ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის დადგმულ შოუზე სასამართლოში, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც მან ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.

„ჩვენ თითქმის ყოველდღე გვიწევს სასამართლოში მოსვლა. ყოველი სასამართლოს წინ კი ჩვენს ხედვებს, გეგმებსა და იმ პრობლემების ანალიზს შემოგთავაზებთ, რაც ქვეყანაშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ქვეყნისთვის: აქ შეიქმნებოდა 10 წელიწადში 35 ათასი სამუშაო ადგილი. შემოვიდოდა 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 3 მილიარდი განზრახულებათა ოქმი გვქონდა აზიის განვითარების ფონდიდან. ანაკლია გახდებოდა კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ჩვენ გავხდებოდით ტვირთების გადამანაწილებელი მთელ მსოფლიოში, მთელ რეგიონში, ჩინეთის ჩათვლით. არ გამოიჩინა სახელმწიფომ ნება და არ მოგვცა 50 მილიონის გარანტია, ამ დროს, სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიარდად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიარდს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ.

„ეს არის პოლიტიკა, რომ ფული ჩადოს იმ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის და არც ეკონომიკურ აღმავლობას ქმნის, უბრალოდ ეს არის ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის. მე არცერთი გზის წინააღმდეგი არ ვარ, არანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ, როცა ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს, როცა ქვეყანა შლის უზარმაზარ პროექტს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია