პროკურორი - მოწმეებმა განაცხადეს, რომ 2008 წელს „თიბისი ბანკის" შემოწმებისას მათ რეალური დოკუმენტაცია დაუმალეს, რის გამოც ინტერესთა კონფლიქტი ვერ დაადგინეს

მოწმეებმა განაცხადეს, რომ 2008 წელს „თიბისი ბანკის" შემოწმებისას მათ რეალური დოკუმენტაცია დაუმალეს, რის გამოც ინტერესთა კონფლიქტი ვერ დაადგინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დოკუმენტაციაზე წვდომა რომ ჰქონოდათ, ინტერესთა კონფლიქტს დაადგენდნენ.

„დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სრულად გააბათილეს დაცვის მხარის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს 2008 წელს ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა „თიბისი ბანკი" ამ მიმართულებით, მათ შორის შეისწავლა „სამგორი ემზე" და „სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხები და ვერ დაადგინა ინტერესთა კონფლიქტი. მათ განაცხადეს, რომ 2008 წელს მართალია ჩატარდა შემოწმება, მაგრამ შემოწმების მიზანი იყო არა „სამგორი ემზე" და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხების შემოწმება, არამედ მიმართული იყო რეზერვების ადეკვატურობის შემოწმებაზე. გარდა ამისა, რაც შეეხება „სამგორი ემსა" და „სამგორი თრეიდს", მათ განაცხადეს, რომ ბანკის თანამშრომლებმა მათ დაუმალეს რეალური დოკუმენტაცია, მათ არ ჰქონდათ სრული სურათი ამ სესხებთან დაკავშირებით, თუ ვისზე გადასესხდა შემდგომ ეს თანხები, სწორედ ამიტომ, მათ ვერ დაადგინეს ინტერესთა კონფლიქტი. იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ სრული დოკუმენტაცია, ისინი აუცილებლად დაადგენდნენ ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი არ გამორიცხავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, როგორც დანაშაულს. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს და არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რეალურად ეს სესხები გაცემული იყო ადმინისტრატორებზე, ანუ მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე და რეალურად არ იყო გაცემული „სამგორი თრეიდსა" და „სამგორი ემზე", როგორც დოკუმენტურად იყო ასახული", - განაცხადა პროკურორმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 15 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა