მამუკა არეშიძე - რაღაც კარგად ვერ არიან გარკვეულები ქვეშეთი-კობის გზის თემაში - თუ რუსეთს ტანკების შემოყვანა უნდა, ეს ტანკები არის საქართველოს ტერიტორიაზე

ვფიქრობ, რომ რაღაც კარგად ვერ არიან გარკვეულები ქვეშეთი-კობის გზის თემაში იმიტომ, რომ თუ რუსეთს ტანკების შემოყვანა უნდა, ეს ტანკები აქ არის საქართველოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც საქმის კურსში არ არიან.

„დაახლოებით 2 თვის წინ მე მქონდა ამ თემაზე „ლელოში“ გამოსვლა, როგორც ექსპერტს კონფერენციაზე. ვფიქრობ, რომ რაღაც კარგად ვერ არიან ამ ქვეშეთი-კობის გზის თემაში. იმიტომ, რომ ტანკების შემოყვანა თუ უნდა რუსეთს, ეს ტანკები აქ არის საქართველოს ტერიტორიაზე და ბევრად უფრო მარტივია ცენტრალური ტრასიდან ტანკების დაძვრა, რომელიც ამ ტრასიდან ზოგიერთ შემთხვევაში 300 მეტრშია განლაგებული, ვიდრე კობი-ქვეშეთის გვირაბებით ტარება. არ მესმის, რატომ არის საჭირო ამ ორი თემის ერთმანეთზე მიბმა და მუდმივი საუბარი იმაზე, რომ კობი-ქვეშეთის თუ საქართველოს სამხედრო გზა არის ტანკების შემოსაყვანად მარტივი. მგონია, რომ ეს გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც საქმის კურსში არ არიან. რუსეთმა თუ მოინდომა სხვა გზებიც არის ჯარის შემოსაყვანად. თუ ომი დაიწყო ამ გზითაც შემოვლენ, მაგრამ იქნება თუ არა კობი-ქვეშის გზა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არსებობს სამხედრო გზა, რომელიც ყაზბეგზე გადის. ტანკებით ომის დრო აღარ არის, რომ ტანკები იყოს ავანგარდში. არსებობს ავიაცია და სხვა უამრავი საშუალება იმისთვის, რომ საომარი მოქმედება გააჩაღონ. ცხინვალში 5 ბაზაა რუსული და უძლიერესი სამხედრო კომპონენტია ის. ამიტომ ამ არგუმენტს მე არ ვიღებ.

საქართველოს ინტერესებში გარკვეულწილად არის ამ გზის მშენებლობა და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, მაგრამ რაც მე არ მომწონს ამ პროექტში არის ის, რომ არ არის გათვლილი ეკოლოგიური და ზოგიერთი სხვა საკითხი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს იწვევს, რაზეც არ არის პასუხი გაცემული. ვფიქრობ, სტრუქტურამ, რომელიც ამ გზის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი და ეკოლოგიური საფრთხის კომპონენტი უნდა აღმოფხვრას. გზა თუ არის, უნდა იყოს ნორმალური, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არ უნდა ვიყოთ კლიმატზე დამოკიდებული“, - განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი „პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის“.

„ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო