საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან: 1. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე, 2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, 3. კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია, 4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია, 5. შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭო წარმოდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს, რომელთა შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.

საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანო გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

„პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.

მეორეკ ანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა. მესამე კანდიდატი − შპს "კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთ აასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეხუთე კანდიდატი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე აიტვირთება.

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს”, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს